,,წისქვილები დილემის წინაშე დგანან - უნდა გაჩერდე, ან ფქვილის იმპორტზე გადახვიდე“

მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ფასი იზრდება. პარალელურად კი, რუსეთში იზრდება მცურავი ბაჟის მოცულობაც.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ შექმნილი ვითარება უპრეცედენტოა და ოქტომბრის ბოლოდან, წისქვილ-კომბინატები დგებიან რეალობის წინაშე, როცა ან ფქვილის იმპორტზე უნდა გადავიდნენ, ან მუშაობა შეაჩერონ.

სილაგავას თქმით, ფქვილის იმპორტზე მასობრივი გადასვლა, კომპლექსურ პრობლემებს შექმნის, არა მხოლოდ პურის ფასის მიმართულებით.

,,საქართველოში რუსეთიდან ფქვილის იმპორტიც ხორციელდება ხორბალთან ერთად. ფქვილზე ბაჟი არ არსებობს, ამიტომ რადგან მცურავი ბაჟი სულ უფრო და უფრო იზრდება ფქვილის იმპორტი უფრო აგრესიულად დაიძრა. ამ მომენტისთვის 50 დოლარიანი სხვაობაა ხორბლისა და ფქვილის შემოტანას შორის და ამან, კიდევ ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა ბაზარი. წისქვილ-კომბინატები ფიქრობენ იმ პირობებში, როცა ხორბალი ბევრად ძვირია ვიდრე ფქვილის შემოტანა ამაზე ხომ არ გადაეწყონ. თუმცა, ეს შექმნის ბევრ პრობლემას, რადგან თუ წისქვილები ფქვილის იმპორტზე გადავლენ მაშინ დასაქმებულების დათხოვნაც მოუწევთ და პრობლემა იქნება წარმოებიდან ბიუჯეტში შენატანების შეჩერებაც. მომსახურე პერსონალის შემცირება კი ნამდვილად გარდაუვალი იქნება, რადგან ყიდვა შემოტანა და პურის მცხობელთან მიტანა ბევრად ნაკლებ, ადამიანურ რესურსს საჭიროებს.

ამასთან, პრობლემა იქნება ისიც, რომ როცა წისქვილი მუშაობს, ის ფქვავს არა მხოლოდ ფქვილს არამედ იქედან რჩება 70-80% ფქვილი და დანარჩენი ქატო, რომელიც მეფრინველეობა მეცხოველეობაში მიდის. იმ შემთხევაში, თუ სექტორი იმპორტს ჩაანაცვლებს, თავისთავად ქატოს იმპორტიც აუცილებელი გახდება, რაც ზემოთ ხსენებულ სექტორებს დაარტყამს. ამიტომ, პრობლემა კომპლექსურია, ასეთი გამოწვევა ჩვენ ჯერ არ გვქონია. წისქვილები დილემის წინაშე დგანან, ან უნდა გაჩერდე, ან ფქვილის იმპორტზე გადახვიდე. ეს ორი ალტერნატივა დარჩა თუ რამე, სამთავრობო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. ეს თემა ოქტომბრის მერე გადაწყდება, როცა ადგილობრივი ბაზარი ამოწურავს მარაგებს რაც დღეს არსებობს“,- აცხადებს სილაგავა.

მისივე თქმით, სამი სამინისტროს (ფინანსთა, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის) მინისტრის მოადგილეების დონეზე სამუშაო ჯგუფი საკითხთან დაკავშირებით უკვე შექმნილია.

,,საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში არიან სამინისტროები და შექმნილია სამუშაო ჯგუფი მინისტრის მოადგილეების დონეზე, რა შეიძლება ამ მიმართულებით გაკეთდეს. მაგალითისათვის აზერბაიჯანმა მიმდინარე კვირაში ფულად-საკრედიტო შეღავათები დაუწესა ხორბლის იმპორტიორებს, თურქეთმა მთლიანად მოხსნა ხორბლის იმპორტზე გადასახადი, რათა შემდეგში ის არ გადავიდეს ფქვილში და პურში, ასევე მაროკომ ასევე ნულოვანი გადასახადი დააწესა. მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ასეთი მექანიზმებით ებრძვის ფქვილის გაძვირებას. რა იქნება შემდგომში სახელმწიფოს პასუხზე და საკითხის მიმართ მოსახლეობის განწყობაზე იქნება დამოკიდებული. მწარმოებლები ამის აღმსრულებლები ვიქნებით“, - განუცხადა ლევან სილაგავამ ,,ბიზნესპრესნიუსს“.

ინფორმაციისთვის, რუსეთმა მცურავი საექსპორტო ბაჟი შემოიღო, რომელიც 1 ივლისიდან დღემდე გაორმაგებულია და მუდმივად იზრდება.

თამარ მუკბანიანი