Toyota იაპონიაში ავტომობილების წარმოებას  აჩერებს

კონცერნმა Toyota ავტომობილების წარმოების შეჩერების შესახებ განაცხადა. ამის მიზეზი მაკომპლექტებლების ნაკლებობაა. შედეგად, კომპანიის კუთვნილი იაპონიის თოთხმეტივე ქარხანაში ავტომობილების წარმოება 11 დღით შეწყდება. ყველაზე მეტად კრიზისი ახალი თაობის Land Cruiser 300-ის საწარმოო კონვეიერს დაარტყამს. ეს მაშინ, როდესაც ამ ავტომობილებზე ამ დროისთვის ძალიან მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება და რიგები ისედაც 4 თვეზეა გაწერილი.

იაპონელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ქარხანა Toyota Motor Takaoka Plant, სადაც აწარმოებენ მოდელებს Corolla, Corolla Touring და Corolla Cross ერთი დღე-ღამე გაჩერდება, Aqua და C-HR-ის მწარმოებელი ქარხანა - ერთი კვირით, ხოლო Land Cruiser 300 და Lexus LX-ის მწარმოებელი ქარხანა მინიმუმ - 11 დღით.

როგორც იაპონური მედია წერს, მიკროჩიპების დეფიციტის გამო, წარმოების დაპაუზება შეეხება კომპანიის 28-დან 27 კონვეიერს. შედეგად კი, კომპანიას ოქტომბრის წარმოების გეგმის კორექტირება მინიმუმ მესამედით მოუწევს. თავდაპირველად კომპანია ოქტომბერში 880 ათასი ავტომობილის წარმოებას აპირებდა, თუმცა ახალი გეგმით ეს ციფრი 550 ათასია.

კოკა კვირკველია