IKEA საშინაო მუსიკალური სტუდიის ავეჯს გამოუშვებს

სახლის ავეჯის მსოფლიო ბრენდი IKEA, მუსიკალურ ჯგუფ Swedish House Mafia-სთან ერთად, შეიმუშავებს ავეჯის ისეთ დიზაინს, რომელიც მომხმარებელს მუსიკის დასაწერად „იდეალური საშინაო სტუდიის შექმნის საშუალებას" მისცემს. ინფორმაციას Campaign ავრცელებს. ავეჯის ახალი კოლექცია 2022 წლის სექტემბერში გამოვა.

„ჯგუფთან თანამშრომლობა სახლში მუსიკის შექმნას უფრო ხელმისაწვდომს გახდის, რათა კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის შინაურ პირობებში გამოყენება. ჩვენ გვსურს, შევისწავლოთ, თუ როგორ გაუადვილებს IKEA, ჯგუფ Swedish House Mafia-სთან ერთად, ყოველდღიურ ცხოვრებას იმ ადამიანებს, ვინც მუსიკას წერს და უსმენს. ავეჯის ეს კოლექცია მათ საშუალებას მისცემს, იდეალური სახლის სტუდია ხელმისაწვდომ ფასად შექმნას“, - აცხადებს IKEA Sweden-ის პროდუქციის დიზაინის განყოფილების ხელმძღვანელი, ჯეიმს ფუტჩრი.

Swedish House Mafia-ს მუსიკოსებმა, სტივ ანჯელომ, სებასტიან ინგროსომ და აქსველმა განაცხადეს, რომ „სურთ თავიანთი კომფორტის ზონიდან გასვლა, რათა ახალი რამ გამოსცადონ“.

„როგორც მუსიკოსებს და პროდიუსერებს, კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საშინაო სტუდიის შექმნა ბევრი დამწყები სახლის ხელოვანისა და შემოქმედისთვის მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად“, - აცხადებენ Swedish House Mafia-ს წევრები.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ