აშშ საჭიროების მქონე ქვეყნებისთვის დამატებით 500 მლნ დოზა Pfizer-ის ვაქცინის შეძენას გეგმავს

ვაშინგტონი მოლაპარაკებებს აწარმოებს ამერიკულ კომპანიასთან Pfizer, 500 მილიონი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით. როგორც Bloomberg წერს, აშშ ვაქცინას გადასცემს იმ ქვეყნებს, რომლებსაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ.

სააგენტოს წყაროს ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციასა და ფარმაცევტულ კომპანიას შორის შეთანხმება უახლოეს დღეებში შედეგება. აღნიშნულის შესახებ კი ოფიციალურად 22 სექტემბერს COVID-19-სადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამიტზე გაცხადდება. ეს შეხვედრა, რომლის ინიციატორი ჯო ბაიდენია, ვირტუალურ ფორმატში გაეროს ეგიდით გაიმართება.

როგორც მოსალოდნელია, აღნიშნული 500 მილიონი დოზა ვაქცინა საჭიროების მქონე ქვეყნებზე, COVAX პლატფორმის მექანიზმის გამოყენებით გადანაწილდება.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ივლისში თეთრმა სახლმა Pfizer-თან უკვე გააფორმა ანალოგიური შეთანხმება, თუმცა პრეპარატის მიწოდება ნელ ტემპში მიმდინარეობს, რაც ავტომატურად იწვევს COVAX-ის წევრ ღარიბ ქვეყნებში ვაქცინაციის დაბალ ტემპს.

კოკა კვირკველია