ერთ თვეში სახელმწიფოს საგარეო ვალი 44 მლნ დოლარით გაიზარდა

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 1,289 მლრდ დოლარით გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით კი, საგარეო ვალის მოცულობა 44,504 მლნ დოლარით არის გაზრდილი.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8,047 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 25,084 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2020 წლის აგვისტოს მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 6,758 მლრდ დოლარი ანუ მაშინდელი კურსით 20,746 მლრდ ლარი იყო. რაც შეეხება მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებს, საგარეო ვალი 8,002 მლრდ დოლარს ანუ მაშინდელი კურსით 25,002 მლრდ ლარს შეადგენდა.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 865,325 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი - 1,183 მლრდ დოლარს, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1,754 მლრდ დოლარს აჭარბებს.

თაია არდოტელი