როგორ შეიცვალა ქართველი მილიარდერის დაფუძნებული კომპანიის ღირებულება ლონდონის ბირჟაზე გასვლის შემდეგ

2021 წლის აპრილში, ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა. თუმცა, სანამ ბათუმში დაბადებული ფინტექ გიგანტის დამფუძნებელი ოფიციალურად მილიარდერთა კლუბის წევრი გახდებოდა, გავლენიანი მედია მასზე ჯერ კიდევ 2020 წელს წერდა. მაშინ “კასპი“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ჯერ არ იყო გასული. ხოლო მიხეილ ლომთაძე 2 მილიარდს ფლობდა.

საინტერესოა, როგორ შეიცვალა ლომთაძის ქონება და კომპანია “კასპის“ ღირებულება, ასევე აქციების ფასი წინა წლის ოქტომბერში, ლონდონის ბირჟაზე გასვლის შემდეგ.

დღეის მდგომარეობით მიხეილ ლომთაძე „ფორბსის“ მილიარდერების რეიტინგში 611-ე ადგილზეა და მისი ქონება 5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

2020 წლის ოქტომბერში კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟაზე პირველად წარსდგა. ბირჟა თითო აქციაზე 38 დოლარად გაიხსნა და 46,90 აშშ დოლარად გაიყიდა, მთლიანი მოცულობით 4,4 მილიონზე მეტი აქციით. მას შემდეგ აქციების ფასი სტაბილურად იზრდება და დღეის მდგომარეობით ერთი აქციის ფასი 113,93 დოლარიდან 114,00 დოლარამდე მერყეობს.

რაც შეეხება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლიდან ერთი წლის შემდეგ კომპანიის კაპიტალიზაცია 21. 897 მილიარდი დოლარია. ხოლო, ბირჟაზე გასვლისას “კასპის“ საბაზრო ღირებულება 6.5 მილიარდი დოლარი იყო.

მიხეილ ლომთაძე საქართველოში, ბათუმში 1975 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ამერიკის შეერთებული შტატების ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო, რომელიც 2002 წელს მაგისტრის MBA ხარისხით დაასრულა.

კომპანია, “კასპი“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლომთაძეა, ყაზახეთის უდიდესი საგადახდო და ფინტეკ კომპანიაა.

„კასპი ბანკი“ 1991 წელს შეიქმნა. თავად ლომთაძე Kaspi-ის 2008 წლიდან ხელმძღვანელობს.

Forbes-ის მილიარდერთა სიაში ყაზახური კომპანია Kaspi-ს დამაარსებლები ვიაჩესლავ კიმი და მიხეილ ლომთაძე კომპანიის აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების შემდეგ გახდნენ.

თეონა რამაზაშვილი