კონკურენციის სააგენტომ საწვავის ფასებზე შუალედური ანგარიში წარადგინა

კონკურენციის სააგენტომ პრემიერ-მინისტრს საწვავის ფასებთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში წარუდგინა.

ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოში განაცხადეს. მათი თქმით, კონკურენციის სააგენტოში ნავთობროდუქტების ბაზრის კვლევა სისტემატურად მიმდინარეობს. "საქართველოს პრემიერ-მინისტრს, დავალების შესაბამისად, შუალედული ანგარიში უკვე წარედგინა. კონკურენციის სააგენტოში სისტემატურად მიმდინარეობს შეხვედრები ექსპერტებთან, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, დამუშავების პროცესშია შესაბამის ბაზარზე მოქმედი 100-ზე მეტი სუბიექტის საქმიანობის ამსახველი ბოლო 8 წლის მონაცემები. კონკურენციის სააგენტო მოკვლევის პროცესში ყველა სტადიაზე მეთოდოლოგიურად ამუშავებს და აფასებს ყველა მოსაზრებას, რომელიც უკავშირდება აღნიშნული ბაზრის სუბიექტთა მოქმედებას და ბაზარზე არსებული ფასწარმოქმნის საკითხებს, რაც მიეწოდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს", - აცხადებენ კონკურენციის სააგენტოში.

ამ ეტაპზე კონკურენციის სააგენტოში დეტალებზე არ საუბრობენ, მიზეზად კი მოკვლევის ინტერესებს ასახელებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 18 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე დაინტერესდა, რატომ არ ხდება საქართველოში საწვავზე ფასების კლება მსოფლიო ფასების ადეკვატურად. ირაკლი ღარიბაშვილმა კონკურენციის სააგენტოს შესაბამისი ანგარიშის წარსადგენად 10 დღიანი ვადა მისცა.