McDonald’s-მა მცენარეულ ბურგერ McPlant-ის დატესტვა დაიწყო

McDonald’s UK&I-მა დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, კომპანიის ისტორიაში პირველი მცენარეული ბურგერის, McPlant-ის დატესტვა დაიწყო, რომელიც მომხარებელში ჩვეულებრივი ბურგერის გემოსა და შეგრძნებებს იწვევს. McDonald’s-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებას პორტალი FreshPlaza ავრცელებს.

ამასთან, მომხმარებელს მცენარეული მენიუს შერჩევის საშუალება ექნება. კომპანიას 3 წელი დასჭირდა, რათა ბრიტანელი და ირლანდიელი მომხარებლებისთვის უგემრიელესი მცენარეული პროდუქტები შეესწავლა და შეემუშავებინა.

მცენარეული McPlant-ის კატლეტი, უმაღლესი გემოს და ხარისხის ელემენტების შერჩევით, Beyond Meat-თან თანამშრომლობით შეიქმნა, ხოლო ინოვაციური ვეგანური ყველი დაფუძნებულია ბარდის ცილაზე, რომელსაც McDonald’s-ის ჩვეულებირივი ყველის ნაჭრების გემო აქვს. ამას ყველაფერს თან ერთვის ახალი მცენარეული სოუსი.

დიდი ბრიტანეთი და ირლანდია პირველი ბაზარია, სადაც მცენარეული ბურგერების დატესტვა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2020 წელს McDonald’s-მა McPlant-ის გლობალური პლატფორმა ოფიციალურად გამოაქვეყნა. ადგილობრივი მომხმარებლების გამოხმაურებებისა და მოლოდინების საფუძველზე, McPlant-ის ბრიტანულ-ირლანდიური ვერსია ვეგეტარიანული საზოგადოების (Vegetarian Society) მიერ ვეგანურ პროდუქტად სრულად არის აკრედიტირებული და უმაღლეს ვეგანურ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

McPlant შეიცავს სეზამის ფუნთუშას, მდოგვს, კეტჩუპს, ვეგანუს სოუსს, ახალ ხახვს, მწნილს, სალათის ფოთოლს, პომიდორსა და ვეგანურ ყველს. ის McDonald’s-ის სტანდარტული ბურგერებისგან და სენდვიჩებისგან ცალკე ჭურჭლით და დამოუკიდებლად მზადდება.

McPlant კომპანიის რესტორნებში 29 სექტემბრიდან ეტაპობრივად იქნება ხელმისაწვდომი, ხოლო გაერთიანებული სამეფოს მთლიან ქსელში იანვრიდან გაიყიდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ