ფსოუს საზღვართან კილომეტრებზე გადაჭიმული ციტრუსის ბაზარი

ბოლო მონაცემებით, უკვე გადამუშავებულია 9973,5 ტონა მანდარინი, ხოლო ექსპორტზე 21 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი გავიდა.

დასავლეთ საქართველოში ციტრუსის კრეფა უკვე დასასრულს უახლოვდება. გასულ წელთან შედარებით ციტრუსი წელს ცოტაა, მაგრამ უკეთესი ხარისხის. ამას ისიც ემატება, რომ წელს პირველად, ხელისუფლებამ სამრეწველო მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა დაიწყო. მანდარინის ორგანიზებულად ჩაბარებისთვის ბათუმში საკოორდინაციო შტაბიც ამოქმედდა. კომპანიები სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფოსგან სუბსიდიას იღებენ და ასევე, შესაძლებლობა აქვთ ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" მე-6 კომპონენტის ფარგლებში აიღონ კრედიტი, რომლის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო მოახდენს. პროექტის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1 კგ. სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ. მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ. სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის პირველ თებერვლამდე გაგრძელდება. ბოლო მონაცემებით, უკვე გადამუშავებულია 9973,5 ტონა მანდარინი, ხოლო ექსპორტზე 21 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი გავიდა.

ნათია ინასარიძე, ქობულეთის მკვიდრი:

-  გასულ წელს 1 კილოგრამ მანდარინს 15-20 თეთრად ძლივს ვაბარებდით. ამის გამო დაახლოებით სამი ტონა ციტრუსი ხეზე დაუკრეფავი დავტოვე. მუშახელშიც კი არ მიღირდა ფულის გადახდა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რამდენი დამილპა დაკრეფილი და ყუთებში ჩალაგებული ჩაბარების რიგში. წელს მოსავალი ცოტა იყო. შედარებისთვის, გასულ წლებში თუ 13-15 ტონამდე ციტრუსს ვკრეფდი, წელს 5 ტონა მოვიწიე. ასეთი სურათია ზოგადად, რამაც რეალიზაციის პრობლემა ნაწილობრივ მოხსნა. მიუხედავად იმისა, რომ წელს ქართული მანდარინის შესაძენად არც უკრაინელები ჩამოსულან და არც აზერბაიჯანელები, ხარისხიანი მანდარინი 1 ლარად ჩავაბარეთ, შედარებით უხარისხო ციტრუსში 75 თეთრს გვიხდიდნენ. ყველაზე დაბალი ჩასაბარებელი ფასი 1 კილოგრამზე 55 თეთრი იყო. კარგი ის არის, რომ არც რიგები ყოფილა პავილიონებთან და არც ხეზე დაუტოვებიათ მოსაკრეფი ციტრუსი.

მერაბ ნოღაიდელი, ქობულეთის რაიონი, სოფელ ღლეღვას მკვიდრი:

- შარშან ძალიან დაბალ ფასში ჩავიბარეთ ადგილობრივი მოსახლეობისგან მანდარინი, მაგრამ რაც ჩავიბარეთ, ნახევარიც კი ვერ გავყიდეთ - უკრაინისკენ მიმავალი ციტრუსით დატვირთული ტრაილერები საზღვარზე გაჩერდა, რადგან კიევში პოლიტიკური პროცესები ყოველ წუთს იცვლებოდა. წელს ციტრუსი მცირე რაოდენობით მოვიდა. ყველაზე დაბალი ხარისხის ციტრუსში 50 თეთრი გადავიხადე, მაგრამ გაყიდვაც მოვასწარი. შარშანდელისგან განსხვავებით, ვალი არ დამდებია.

აჭარისგან განსხვავებით, ციტრუსის რეალიზაცია პრობლემებით მიმდინარეობს გალის რაიონში. გამკაცრებული კონტროლის გამო, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი იძულებული გახდა, ციტრუსი, ძირითადად კი მანდარინი და ფეიხოა,  უპრეცედენტოდ დაბალ ფასში ჩაებარებინა.

მარინა, გალის რაიონის მკვიდრი:

- ფსოუს საზღვრისკენ მოგვიხდა მოსავლის გადატანა, რადგან ადგილობრივი ბაზარი უკვე ათვისებულია და პროდუქციას ვერ ვყიდით. არადა ციტრუსია ჩვენი შემოსავლის ძირითადი წყარო, რომლის რეალიზაციიდან მიღებული ფულით, შემდეგ მთელი წელი თავი უნდა ვირჩინოთ. ადგილობრივ ბაზარზე კი ძირითადად რუსული პროდუქტი იყიდება და ფასებიც მაღალია. რუბლის კურსის ვარდნამ პროდუქტებზე ფასები კიდევ უფრო გაზარდა, მხოლოდ ადგილობრივი წარმოების პროდუქტები გაიაფდა, მათ შორის რძის ნაწარმიც და ციტრუსიც. აფხაზეთის მაღაზიებში შეფუთული პროდუქტები მთლიანად რუსულია. თვითონ აფხაზური პროდუქცია ქარხნული წესით არ იფუთება. შესაფუთი არც არაფერი იწარმოება. აფხაზური ეტიკეტით გამოდის მხოლოდ ღვინო, მინერალურ წყალი, ”ჭაჭა” და ლიმონათი. დანარჩენი - მანდარინი, თხილი, კივი, ფეიხოა და ხურმა ბაზარში წონით იყიდება.

- აფხაზეთში ციტრუსის ჩასაბარებელი საწარმო არ არსებობს?

-  კი, გულრიფშის რაიონში არსებობს ფირმა ”სოფია”, მაგრამ მათ თავად აქვთ ციტრუსის პლანტაცია და მოსახლეობისგან ძალიან მცირე რაოდენობით ყიდულობენ მოსავალს. ასე რომ, ჩვენ ისევ ჩვენი თავის იმედად ვრჩებით და ამიტომაც ნახავთ, ფსოუს საზღვრისკენ კილომეტრებში გადაჭიმულ ციტრუსის ბაზარს, სადაც ლარში თუ ვიანგარიშებთ, 1 ლარად 4 კგ საუკეთესო ხარისხის მანდარინის შეძენა შეიძლება. სხვა არჩევანი არც გვაქვს, ციტრუსი ან აქ უნდა გავყიდოთ და ან არსად. ამ თანხით კი ხარჯებსაც ვერ ვფარავთ. მუშახელსაც, ლარებში თუ გადავიყვანთ, დღეში 25 ლარს ვუხდით. ადგილობრივებს თავისი გასჭირვებიათ და ამიტომ ზუგდიდიდან გადმოსული მუშახელი გვეხმარება კრეფაში. რადგან კონფლიქტის ზონაში გადმოდიან და რისკავენ, გასამრჯელოსაც უფრო მეტს იღებს. საბოლოოდ კი არაფერი გამოგვდის - თხა ვიყიდე, თხა გავყიდეს პრინციპით მოგვყავს მოსავალი.

ლალი პაპასკირი