რა შეზღუდვებით გახსნის ავსტრიის მთავრობა ზამთრის საკურორტო სეზონს

ავსტრიაში 2021-2022 სეზონური წლის სათხილამურო კურორტები აუცილებლად გაიხსნება, თუმცა შეზღუდვებით. ამის შესახებ ქვეყნის ტურიზმის მინისტრმა განაცხადა, რომელიც მოელის, რომ წინა ზამთართან შედარებით, წლევანდელ სეზონზე ცხოვრება უფრო ნორმალურ კალაპოტში ჩადგება. ინფორმაციას Kurier ავრცელებს.

„წელს სათხილამურო კურორტებზე ზამთრის არდადეგები ნამდვილად გვექნება," - აცხადებს ტურიზმის მინისტრი, ელიზაბეტ კესტრინგერი. მისი თქმით, აცრილ ადამიანებს და მათ, ვისაც კორონავირუსი გადატანილი აქვს, შეზღუდვები, თითქმის, არ შეეხება და მხოლოდ პირბადის ტარების ვალდებულება ექნება სათხილამურო საბაგიროზე. თხილამურებზე კატაობის შემდეგ დამსვენებლებისთვის საღამოს გასართობი ობიექტებიც გაიხსნება.

ვაქცინაციის, გადატანილი ვირუსისა და უარყოფითი ტესტის დამადასტურებელ საბუთს დამსვენებლებს საბაგიროს ბილეთების ყიდვის დროს მოთხოვენ. მთავრობა მსგავს წესებს საშობაო ბაზრობებზეც გამოიყენებს.

პროვინცია ტიროლის გუბერნატორი, გიუნტერ პლატერი აცხადებს, რომ ადგილობრივი კურორტების სასტუმროებს დაჯავშნის კარგი მონაცემები უკვე აქვთ და ვაქცინაციის წყალობით ეს სეზონი აშკარად უკეთესი იქნება.

ცნობისათვის, ახლახან ვენაში დაიწყო სასამართლო პროცესი ტიროლის კურორტ იშგლში კორონავირუსით მასიური ინფიცირების საქმეზე, რომელიც 2020 წლის ზამთარში, ევროპაში COVID-19-ის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყარო გახდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ