ჩინელი მოზარდებისთვის TikTok შეიზღუდა

ByteDance-მა 14 წლამდე მოზარდებისთვის TikTok-ის ჩინური ვერსია Douyin აპლიკაციის გამოყენება შეზღუდა. ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზე ვრცელდება. საკუთარი სახელით ავტორიზებული ახალგაზრდა მომხმარებლები დღეში, დილის 6 საათიდან საღამოს 10 საათამდე, სოციალურ ქსელში 40 წუთზე მეტს ვერ დარჩებიან, ღამით კი პლატფორმა მათთვის საერთოდ დაიბლოკება.

კომპანია მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ მათი შვილები ნამდვილი სახელით დაარეგისტრირონ, რათა მათ შესაბამისი სარეკომენდაციო შინაარსის ტექსტი მიუვიდეთ. კომპანიის განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის შესახებ ვიდეოების ავტორებს პლატფორმა განსაკუთრებულად დაუჭერს მხარს.

ჩინელი მოზარდებისთვის TikTok აპლიკაციის გამოყენებაზე ლიმიტი ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში დააწესეს: მაშინ კომპანიამ შეტყობინებების სერვისი 13-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის საღამოს 9 საათიდან, ხოლო 16-17 წლის მოზარდებისთვის 10 საათიდან გათიშა.

ასევე, აგვისტოს ბოლოს ვიდეოთამაშების კომპანია Tencent-მა 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის თამაშის დრო შეზღუდა: მათ პარასკევიდან შაბათის ჩათვლით მხოლოდ საღამოს 20:00 საათიდან 21:00 საათამდე შეუძლიათ, ითამაშონ.

ქვეყანაში აიკრძალა პოპულარული ახალგაზრდული თოქ-შოუებიც, რადგან, მთავრობის აზრით, ისინი „მახინჯი ცხოვრების სტილს უსაზღვროდ განადიდებდნენ.“

მოამზადა ლადო სულაბერიძემ