კახა კალაძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და „ალმას“ შორის ხელშეკრულებაზე ინფორმაცია არ აქვს და ბანერებთან დაკავშირებული საკითხი მათ „ერთმანეთში უნდა გაარკვიონ“

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და „ალმას“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე და ბანერებთან დაკავშირებული საკითხი მათ „ერთმანეთში უნდა გაარკვიონ“.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, თუ ხელშეკრულება ძალაში იყო და ვაქცინაციის ბანარებს სხვა შინაარსის ბანერი გადააკვრეს, ეს ძალიან ცუდია.

„თუ შესაბამის სამსახურს ეს ადგილები ნაყიდი ჰქონდა და იმ ბანერების ნაცვლად მოხდა გადაკვრა, ეს ძალიან ცუდია და კანონს, ყველაფერს ეწინააღმდეგება, ამას ცხადია, შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს, თუკი ასეა. მე არ ვიცნობ ხელშეკრულების შინაარს, არც თარიღები ვიცი როდის და როდემდე იყო გაფორმებული, ეს უნდა გაარკვიონ ერთმანეთში და დალაგდენენ. თუ მართლაც ისეა, რომ ხელშეკრულება ძალაში იყო და ბანერებს გადააკვრეს სხვა ბანერები, ეს რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვს“,-აღნიშნავს კალაძე.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, მცდარია ინფორმაცია, რომ კომპანია „ალმას“ თბილისის მერიამ ადგილმონაცვლეობა გაუკეთა, კერძოდ, დიღმის მასივიდან და ლისის ტერიტორიაზე. კალაძის განმარტებით, მერიას „ალმასთან“ არანირი მონაცვლეობა არ გაუკეთებია და აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა“.

როგორც კალაძე განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანიაა, მოსახლეობას იმუნიზაციაზე უფრო მეტი შინაარსობრივი განცხადებები უნდა მივაწოდოთ.

„რაც შეეხება ბილბორდებს, იცით, რომ წინასაარჩევნო კამპანიაა, თუმცა, ყველამ, პოლიტიკურმა პარტიებმა, პოლიტიკოსებმა, მათ შორის, ტელევიზიებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საზოგადოებას უფრო მეტი შინაარსობრივი განცხადებები მივაწოდოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. ერთადერთი გადარჩენის შესაძლებლობა ამ ომში არის ვაქცინა და აცრა. მინდა ყველას მოვუწოდორო აიცრან“,-აღნიშნავს კალაძე.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კომპანია „ალმას“ მოუწოდებდა ბილბორდებზე ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის შემცველი ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენა უზრუნველყოთ. კომპანია „ალმა“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას უპასუხა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის აპრილის თვეში, სარეკლამო კომპანია „ალმამ“, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდასაჭერად, ქვეყნის მასშტაბით უსასყიდლოდ გამოყო 40 გარე სარეკლამო მონიტორი და 14 სარეკლამო ბილბორდი, რითაც მაქსიმალურად შეუწყო ხელი საზოგადოების ვაქცინაციისკენ მოწოდების კამპანიის ეფექტიანად განხორციელებას.