FedEx იანვრიდან გზავნილებზე ტარიფებს ზრდის

FedEx მომავალი წლის 3 იანვრიდან მიწოდების ტარიფებს გაზრდის. CNN-ის ინფორმაციით, სერვისის გაძვირება აშშ-ს ყველანაირ შიდა, ასევე, საექსპორტო და საიმპორტო მომსახურებას შეეხება.

FedEx Ground, რომელიც ბიზნესისთვის განკუთვნილი მიწოდების სერვისია, ასევე, FedEx-ის სახლში მიწოდების სერვისი, საშუალოდ, 5,9%-ით გაძვირდება, ხოლო FedEx Freight-ის სატვირთო გადაზიდვების მოსახურება მომხმარებლებს 7,9%-მდე გაუძვირდებათ. კომპანიაში აცხადებენ, რომ სატვირთო ტარიფები, ასევე, გაიზრდება კანადისა და მექსიკის როგორც შიდა, ისე ქვეყნებს შორის გადაზიდვებში, ასევე, აშშ-სა და მიმდებარე ქვეყნებს შორის მომსახურებაში.

CNN-ის ცნობით, FedEx-ის მომხმარებლები ფასების ზრდას შესაძლოა, მანამდეც, ახალი წლის სადღესასწაულო დღეებამდეც წააწყდნენ. 1 ნოემბრიდან FedEx-ის ზოგიერთ გზავნილს, მათ შორის FedEx Express-ის, FedEx Ground-ისა და FedEx Freight-ის მომსახურებას საწვავის მოსაკრებელიც დაემატება.

„ეს ცვლილებები გამოწვეულია დამატებითი ხარჯებით, რაც რთულ საოპერაციო გარემოსთან არის დაკავშირებული,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გასულ თვეს აშშ-ს საფოსტო სამსახურმა (United States Postal Service) საშობაო დღესასწაულების პერიოდში სხვადასხვა სახის საფოსტო მომსახურებაზე ფასების დროებითი ზრდა მოითხოვა, რამაც დღესასწაულების პიკზე მიწოდების მზარდი ხარჯები უნდა დააკომპენსიროს. ფასების ანალოგიური ზრდა გასული წლის საშობაო დღესასწაულებზეც მოხდა.

„გლობალური გადაზიდვები ჯერ კიდევ კრიზისშია და სადღესასწაულო პერიოდში შეუსრულებელი შეკვეთების რაოდენობა, როგორც წესი, იზრდება. მიწოდების ჯაჭვში შეფერხებებმა და მომხარებლების მოთხოვნების ზრდამ სატრასპორტო კონტეინერების დეფიციტი გამოიწვია, რამაც კომპანიებს მიწოდების სერვისი გაუძვირა,“ - იუწყება CNN.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ