ნათია თურნავა - არაბთა გაერთიანებული საამიროების რამდენიმე საინვესტიციო ფონდი საქართველოში წარმოებით დაინტერესდა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, საამიროების რამდენიმე უმსხვილესი საინვესტიციო ფონდი საქართველოში წარმოებით დაინტერესდა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნავენ, ნათია თურნავა ვიზიტის ფარგლებში აბუ-დაბსა და დუბაიში არაბთა გაერთიანებული საამიროების ისეთ წამყვან საინვესტიციო ფონდებთს და კორპორაციებს შეხვდა, როგორებიცაა „აბუ დაბის განვითარების ფონდი“, „მუბადალა“, „ლულუ გრუპ ინტერნეშენალი“, „დუბაი ჰოლდინგი“, „დუბაი ინვესტმენტი“, „დუბაის საინვესტიციო კორპორაცია“, „არმადა ჯგუფი“ და ADIA (Abu Dhabi Investment Authority).

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს სხვადასხვა სექტორში.

კერძოდ, ნათია თურნავას განცხადებით, „დუბაი ინვესტმენტ ფონდი“-ს მხრიდან გამოითქვა დაინტერესება საქართველოში რამდენიმე სექტორში წარმოების მიმართულებით.

„ეს შეეხება ინდუსტრიულ პარკებს, მათ აქვთ დიდი გამოცდილება და სურვილი, საქართველოში გააფართოვონ თავისი წარმოება ფარმაცევტულ, საშენ მასალათა და ელექტრომოწყობილობების მიმართულებით. ასევე ბევრი სხვა მიმართულებაა, რომლებიც უკვე შემდგომ გამოიკვეთება ერთობლივი მუშაობის შედეგად“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნავენ, მინისტრმა განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო ფონდთან მიღწეულია შეთანხმება და დაიგეგმა მათი კონსულტანტების და კომპანიების დელეგაციების საქართველოში ვიზიტები, რომელთა ფარგლებშიც ისინი ადგილზე გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს.

„რამდენიმე საინვესტიციო ფონდთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ კონკრეტულ სექტორებში საქართველოში გამოუშვებენ კონსულტანტებს, სამუშაო ჯგუფებს, ასევე წინასწარ მოხდება მემორანდუმების გაცვლა და მუშაობას დავიწყებთ ცალკეულ პროექტებზე. ეს შეეხება განახლებად ენერგიას - განსაკუთრებით დიდი გამოცდილება აქვთ აქაურ ინვესტორებს და მსხვილ საინვესტიციო ფონდებს მზის ენერგიის გამოყენებაში და აქ ძალიან წინ ვართ უკვე წასულები. ეს ასევე შეეხება უძრავ ქონებას, სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიას. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი, რომელთაც მათ ვთავაზობთ და ამ კუთხითაც დაიწყება თანამშრომლობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.