საქართველოში შესაძლოა, წისქვილები დაიხუროს - „პირველ რიგში, მინიმუმ 5 000 ადამიანი დარჩება უმუშევრად“

ხორბლის მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში პროდუქტის გაძვირებამ და მცურავმა საბაჟო ტარიფმა შესაძლოა, საქართველოში წისქვილკომბინატების მუშაობას პრობლემა შეუქმნას. ასეთ შემთხვევაში კი, როგორც ბიზნესი აცხადებს, დაიხურება ბევრი წისქვილი, უმუშევრად კი მინიმუმ 5 000 ადამიანი დარჩება.

შეგახსენებთ, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ შექმნილი ვითარება უპრეცედენტოა და ოქტომბრის ბოლოდან, წისქვილ-კომბინატები დგებიან რეალობის წინაშე, როცა ან ფქვილის იმპორტზე უნდა გადავიდნენ, ან მუშაობა შეაჩერონ.

წიქსვილკომბინატის ,,ბარაქას“ დირექტორი, ლადო ბიძინაშვილის თქმით, სექტორის ფქვილის იმპორტზე გადასვლა ქვეყანას კომპლექსურ პრობლემას შეუქმნის და უმუშევრად 5 000 ადამიანი დარჩება.

,,რეალური პრობლემა რუსეთის მიერ საბაჟო გადასახადის დაწესებამ შექმნა. ამიტომ, დღეს ფქვილისა და ხორბლის იმპორტს შორის, მინიმუმ 52-დოლარიანი სხვაობაა (რამდენიც მცურავი საბაჟო გადასახადია) რუსეთის მხრიდან, გადასახადის დაწესება ცალსახად ადგილობრივი წარმოების წახალისებას ემსახურება, რადგან ფქვილზე არ არსებობს მსგავსი.

ის რომ, წისქვილები გაჩერდეს, გამოიწვევს ჯაჭვურ, კომპლექსურ პრობლემებს. პირველ რიგში, მინიმუმ 5 000 ადამიანი დარჩება უმუშევრად. მეორე საკითხია ბიუჯეტში შენატანები, რომელსაც სექტორი ვახორციელებთ და არის მესამე, მნიშვნელოვანი ასპექტი - დაფქვის დროს მორჩენილი ქატო, რომელიც მეცხოველეობაში მიდის. ამით მომიჯნავე დარგებსაც შეექმნებათ პრობლემა და მნიშვნელოვნად გაძვირდება პროდუქტი.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისა, დღეს, საქართველოს შეუძლია შექმნას ხორბლის 2 წლიანი მარაგიც კი. იგივე ვერ მოხდება ფქვილზე. ამის ლოჯისტიკა ქვეყანას არ აქვს და შეიძლება ამან პროდუქციაზე დეფიციტიც კი გამოიწვიოს. ამიტომ, ამ ეტაპზე სექტორი ეძებს გამოსავალს. შექმნილია მთავრობასთან სამუშაო ჯგუფი. ყოველკვირეულად იმართება შეხვედრები და ვეძებთ გამოსავალს. როდის იქნება შედეგი, ამ ეტაპზე არ ვიცი. ფაქტია, მოსავლის აღების დაწყებიდან დღემდე, ხორბლის ფასი 50%-ით არის გაზრდილი“, - განუცხადა ,,ბიზნესპრესნიუსს“ ლადო ბიძინაშვილმა.

,,გლობალ მილინგის“ დირექტორი, გვანცა კიმლაძე ამბობს, რომ მარაგები უკვე ამოწურულია. ხორბალი კი მუდმივად ძვირდება.

,,ამაზე მეტწილად ალბათ, იმპორტიორებმა უნდა ისაუბრონ. მე, ამ შემთხვევაში წიქვილკომბინატს წარმოვადგენ. რისი თქმაც შემიძლია, მარაგები აღარ არის და რთულია იმის თქმაც, რამდენად აისახა მსოფლიო ბაზარზე ხორბლის გაძვირება და რუსეთის მცურავი საბაჟო გადასახადი ქართულ ბაზარზე. ხორბალი ძვირდება ყოველდღიურად, ყოველ საათში...“- განაცხადა ,,გლობალ მილინგის“ დირექტორმა.

თამარ მუკბანიანი