პირველი კორპუსი ბათუმში, რომელიც  ახალი რეგულაციებით შევიდა ექსპლუატაციაში

ბათუმში ექსპლუატაციაში შევიდა პირველი საცხოვრებელი სახლი, რომელიც საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვარს მიღებულ 41-ე დადგენილებასთან სრულ შესაბამისობაშია, - შესაბამის ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

მთავრობის აღნიშნული დადგენილება შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების ტექნიკურ რეგლამენტს განსაზღვრავს.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ყველაზე პოპულარულ საზღვაო კურორტზე მშენებლობის ბუმია, ამ დრომდე არცერთ პროექტს არ დაუკმაყოფილებია მთავრობის მიერ მიღებული 41-ე დადგენილების პირობები, რის გამოც ისინი ექსპლუატაციაში შესული არ არის. „ჰოუმსაიდ ბათუმის“ A ბლოკი ერთადერთია, რომელმაც უსაფრთხოების ყველა კრიტერიუმი შეასრულა.

რა უპირატესობა აქვს ექსპლუატაციაში შესულ საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრებას და რა მთავარი ასპექტები გაითვალისწინეს პროექტის განხორციელებისას „ბიზნესპრესნიუსი“ „ჰოუმსაიდ ბათუმის“ დამფუძნებელსა და დირექტორს გოჩა კონცელიძეს ესაუბრა:

მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში საინვესიტიციო აპარტამენტების მშენებლობის ბუმია, მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, მთავრობის 41-ე დადგენილებასთან შესაბამისობაში აქამდე არცერთი არ მოსულა. საინტერესოა, რა მთავარი კრიტერიუმები გაითვალისწინეთ საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობისას, რამაც მისი ექსპლუატაციაში მიღება განაპირობა?

ჩვენ პროექტის განხორციელება 2018 წლის ბოლოს დავიწყეთ. ამ დროისთვის ამოქმედდა მთავრობის 41-ე დადგენილება. საუბარია შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესის შესახებ, რომელმაც სამშენებლო სექტორში მოცემულობა რადიკალურად შეცვალა. მთავარი ღირებულება, რომელსაც აღნიშნული დადგენილება ემსახურება, ადამიანის სიცოცხლეა და ვფიქრობ, ეს ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანი და დროული იყო. ჩვენი გამარჯვებაა, რომ დადგენილებით არსებული პირობები დავაკმაყოფილეთ და დღეს, ბათუმში უძრავი ქონების შეძენის მსურველებს მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და გამართულ შენობას ვთავაზობთ.

სამშენებლო ნებართვის მიღების შემდეგ 41-ე დადგენილების შესაბამისად მუშაობა დავიწყეთ: შევხვდით სამშენებლო ექსპერტებს, მოვამზადეთ და შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტთან შევათანხმეთ ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების პროექტი და გეგმა-გრაფიკის მიხედვით დავიწყეთ მშენებლობა.

houmside1-1632220406.jpg

დღეს, „ჰოუმსაიდ ბათუმი“ საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში მაქსიმალურად მორგებულია ადამიანის უსაფრთხოების დაცვაზე. შენობის უსაფრთხოების ნორმებში იგულისხმება სახანძრო-სამაშველო ლიფტები, სახანძრო სიგნალიზაციის, ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებლობის და ევაკუაციის მართვის, ობიექტების ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების, კვამლსაწინააღმდეგო ვენტილაციის სისტემების გამართულად მუშაობა. ეს მოკლე ჩამონათვალია იმ ნორმებისა, რასაც ზემოაღნიშნული დადგენილება მოიცავს.

houmside2-1632220443.jpg

რა პრობლემის წინაშე შეიძლება დადგნენ მობინადრეები ან ის ადამიანები, ვინც ბათუმში აპარტამენტები საინვესტიციოდ შეიძინეს, მაშინ, როცა შენობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული?

ყველა მშენებელი დაინტერესებულია, შექმნას პროექტის შესაბამისი პროდუქტი, შეასრულოს მობინადრეების მიმართ აღებული ვალდებულება და საცხოვრებელი სახლი ჩააბაროს ისეთი, როგორსაც პროექტი ითვალისწინებს. ექსპლუატაციაში არმიღებული სახლი კი თავის თავში მოიცავს სამშენებლო პროექტთან რაღაც სახის შეუსაბამობას, შეიძლება ითქვას, ნაკლს.

აღსანიშნავია, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ სამშენებლო კომპანიის ვალდებულებების დიდი ნაწილი მოხსნილია და საჭიროა, შეიქმნას ამხანაგობა, რომელიც მობინადრეთა საერთო ქონების მართვაზე იზრუნებს. (საქართველოს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ).

თუკი სახლი არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, იქმნება ორი პრობლემა: ამხანაგობა ვერ ფორმირდება და მობინადრეებს ლიფტთან, სადარბაზოსთან, იგივე ჰიგიენასთან დაკავშირებული საკითხები გადაუჭრელი რჩებათ. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი პირი კი არ არსებობს. ამასთან, კორპუსი ვერ ერთვება მუნიციპალიტეტის პროექტებში. ექსპლუატაციაში შესული სახლების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით გარკვეულ სამუშაოებს თავის თავზე მუნიციპალიტეტი იღებს. ჯერ კიდევ ექსპლუატაციაში არშესულ პროექტზე კი პასუხს არავინ აგებს. იგივე, წლების შემდეგ სახლის ცვეთის შედეგად სახურავის, კომუნიკაციების თუ სხვა რამის დაზიანების შემთხვევაში, ექსპლუატაციაში არშესული სახლისთვის მუნიციპალიტეტის მერია დაფინანსებას არ ითვალისწინებს.

ექსპლუატაციაში შესული ბინის შეძენა ნიშნავს იმას, რომ ყიდულობ ხარისხიან პროდუქტს, რომლის მართვაზეც ყოველთვის არსებობს პასუხისმგებელი პირი ან ჯგუფი.

შეუძლია თუ არა მობინადრეს მსგავსი მდგომარეობისგან თავის დაზღვევა და რა მექანიზმებით?

ვიტყოდი, რომ გარკვეულწილად შესაძლებელია. ერთია, რომ უძრავი ქონება შეიძინო უკვე დასრულებულ და ჩაბარებულ პროექტში, რაც უფრო დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მეორე, გაითვალისწინო დეველოპერული კომპანიის რეპუტაცია და მესამე, ხელშეკრულების მომზადებისას გაითვალისწინო სანქციები - სამშენებლო კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდეს ზარალის ანაზღაურება.

მომავალში რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას ამდენმა მთავრობის 41-ე დადგენილებასთან შეუსაბამო მშენებლობამ ბათუმს და როგორია თქვენი ხედვა მომავალში ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით?

აღნიშნული პრობლემის თავიდან ასაცილებლად კანონმდებლობაში უკვე შესულია ცვლილება და საცხოვრებელი სახლი ექსპლუატაციაში ვეღარ შევა, თუკი უსაფრთხოების კუთხით დასრულებული არ არის. არსებული რეგულაციების ერთობლიობა ზღუდავს ექსპლუატაციაში არმიღებულ სახლში მობინადრეთა საცხოვრებლად შესვლას.

ჩვენ, ისევე როგორც ყველა ბათუმელი ველოდებით ქალაქის განვითარების გენგეგმას, რომელზეც მუნიციპალიტეტი უკვე დიდი ხანია მუშაობს და ვიმედოვნებთ, უახლოეს პერიოდში დასრულდება. ეს იქნება სახელმძღვანელო ყველა მშენებლისთვის, თუ შემდგომში ქალაქი როგორ და რა ფორმით განვითარდება.

რა სამომავლო გეგმები გაქვთ და როგორ აპირებთ მათ განხორციელებას?

ჩვენი კომპანია 2018 წელს შეიქმნა და დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომელთაც სამშენებლო სექტორში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. წარმატებულ გუნდთან ერთად ხარისხზე ორიენტაცია, ვალდებულებების დროულად შესრულება და მომხმარებელთა კმაყოფილებაზე ზრუნვა - ეს გახლავთ ჩვენი წარმატების საწინდარი და ამან განაპირობა ის, რომ ჩვენი ბინების 90% გაყიდულია. მადლობას ვუხდით ჩვენს მობინადრეებს ნდობისთვის და ერთგულებისთვის.

უახლოეს მომავალში იგეგმება B ბლოკის ექსპლუატაციაში გადაცემა. ხოლო 2022 წლის აპრილში ჩვენი მე-3 პროექტიც - „ჰოუმსაიდ ტერასა“ დასრულდება. ყველა პროექტი ახალი რეგულაციებით აშენდა და შესაბამისად გათვალისწინებულია 41-ე დადგენილების მოთხოვნები.

სამომავლოდ გვექნება ახალი პროექტებიც, რომლებსაც ჩვენს მომხმარებლებს ეტაპობრივად გავაცნობთ. ჩვენი ძირითადი სტრატეგია არის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი საცხოვრებელი კორპუსების განვითარება, სადაც უსაფრთხო და კომფორტული გარემო იქმნება.