ლევან კალანდაძე: 2015 წლისთვის ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, სავარაუდოდ, მონეტარული სტაბილურობის პრობლემა იქნება

ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტი ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ 2015 წლისთვის ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, სავარაუდოდ, მონეტარული სტაბილურობის პრობლემა იქნება.

ამის შესახებ კალანდაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი ძალისხმევა სწორედ ამ მიმართულებით უნდა იყოს მობილიზებული.

"ჩვენ გვაქვს რამდენიმე გამოწვევა, რომელზეც პრაქტიკულად, დამოკიდებულია ლარის კურსი და რომელიც მის სტაბილურობა-არასტაბილურობას განსაზღვრავს. ასევე, არის გარე ფაქტორები, რომელიც გასათვალისწინებელია. მხედველობაში მაქვს ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში – თურქეთში, უკრაინასა და რუსეთში მიმდინარე პროცესები, მათი ეროვნული ვალუტის სტაბილურობის საკითხი. მოგეხსენებათ, რომ სამივე ქვეყანაში მნიშვნელოვნად მცირდება ადგილობრივი ეროვნული ვალუტის კურსი. გასათვალისწინებელი ფაქტორებია რუსეთიდან და უკრაინიდან პირდაპირი ფულადი გზავნილების საკითხი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარე ფაქტორი არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. თუ ამ თვალსაზრისით საქართველოში რამე მნიშვნელოვანი გარღვევა არ მოხდა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი ჩვენ არ გავზარდეთ, ეს ქვეყანაში ლარისა და დოლარის მასის ურთიერთბალანსზე მნიშვნელოვნად უარყოფითად აისახება, რაც თავისთავად ლარის კურსის მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოდგენს", - განაცხადა კალანდაძემ.

მისივე თქმით, შიდა ფაქტორებში ძალიან მნიშვნელოვანია საბიუჯეტო პროცესი და ხარჯვითი პოლიტიკის ოპტიმიზაცია. "ბიუჯეტი ფორმალურად შესრულებულია, მცირედი დააკლდა ხარჯვით ნაწილს, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ არათანმიმდევრულმა ხარჯვითმა პოლიტიკამ 2014 წლის გარკვეული ვალდებულებები 2015 წელს გადმოიტანა. ესეც გარკვეული რისკფაქტორია ლარის კურსის სტაბილურობისა. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული ლარის კურსის სტაბილურობის საკითხი. მოლოდინები ძალიან დამაიმედებელი არ მაქვს. ვვარაუდობ, რომ უახლოეს პერიოდში ლარი მცირედით კვლავ განაგრძობს მერყეობას, თუმცა ეს მერყეობა იქნება დაახლოებით, 1.9-ის ფარგლებში. მნიშვნელოვანი რყევა, თუ რაიმე კატასტროფული, ნეგატიური ფაქტორი არ გამოვლინდა, მოსალოდნელი არ არის. პრაქტიკულად, 1.9-ის მიდამოებში იქნება მერყეობა", - აღნიშნა კალანდაძემ.

ექსპერტის განცხადებით, აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა 2015 წლის მეორე ნახევარი, რომელიც მთლიანად იქნება დამოკიდებული იმ პოლიტიკაზე, რასაც ქვეყანაში ხელისუფლება გაატარებს, როგორც ხარჯვითი, ისე საინვესტიციო, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ოპტიმიზაციის თვალსაზრისით. "მარტივად რომ შევაჯამოთ, საქართველოსთვის 2015 წელს ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის მონეტარული სტაბილურობის საკითხი და ყველა აქცენტი და პრიორიტეტი ხელისუფლებისა, სწორედ ამ გამოწვევაზე უნდა იყოს მიმართული. უმთავრესი კი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია, თუ ჩვენ ამ თვალსაზრისით რაიმე მნიშვნელოვანი ძვრები არ მოვახდინეთ ქვეყანაში, ჩვენს ეკონომიკას უბრალოდ სხვა ალტერნატივა არ აქვს, სხვა დამაბალანსებელი და მასტაბილურებელი ფაქტორი 2015 წლისთვის რეალურად არ არსებობს", - განაცხადა კალანდაძემ.

ლარმა გაუფასურება გასული წლის ნოემბერის ბოლოდან დაიწყო. 2013 წლის 1-ელ ნოემბერს ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 1,67 ლარი იყო. საქართველოს ეროვნული ბანკის დღევანდელი მონაცემებით, 1 დოლარის შეძენა 1.87 ლარად არის შესაძლებელი. რაც შეეხება ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებს, მათ უმეტესობაში 1 დოლარს 1.85 ლარად ყიდულობენ, ხოლო დოლარის გასაყიდი ფასი 1.88 ლარია.