კომპანია „ენსისი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

კომპანია „ენსისი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ენსისის“ საქმიანობა ძირითადად სამ მიმართულებას მშენებლობის მენეჯმენტს, სამშენებლო საქმიანობას და პროექტირებას მოიცავს.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგები ზრდას განაგრძობს. სამშენებლო კომპანია „ენსისი“, რომელიც ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს, ასოციაციის წევრი გახდა. კომპანიის საქმიანობა ძირითადად სამ მიმართულებას მოიცავს - მშენებლობის მენეჯმენტი, სამშენებლო საქმიანობა და პროექტირება.

საქართველოს მასშტაბით, „ენსისის“ 200-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის, რთული და მასშტაბური საინჟინრო პროექტები: გზების კაპიტალური შეკეთება და რეაბილიტაცია, ხიდების, სახიდე გადასასვლელების, გზაგამტარების, პანდუსებისა და გვირაბების მშენებლობა-რეაბილიტაცია, წყალსადენისა და წყალარინების ქსელების მოწყობა. კომპანია ასევე უზრუნველყოფს პარკების, ბაღების, მათი მიმდებარე ტერიტორიების, შენობების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების განხორციელებას, მოედნებისა და ქუჩების კეთილმოწყობას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია-რეაბილიტაციას და სხვა“ , - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მოხარული ვარ, რომ კომპანია „ენსისი“ ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ასევე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და მასში შემავალი სხვა კომპანიებისთვის. „ენსისის“ ისტორია და გამოცდილება მის მიერ განხორციელებულ პროექტებში ინოვაციური მიდგომების დანერგვას გულისხმობს. ეს კი ადამიანების ცხოვრების წესისა და ხარისხის უკეთესობისკენ შეცვლაში აისახება, რაც ჩვენი მთავარი უპირატესობაა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების, მიდგომების ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებთან გაზიარება და ურთიერთმხარდაჭერა. დიდი მადლობა ბიზნეს ასოციაციას ამ შესაძლებლობისთვის“, - განაცხადა „ენსისის“ გენერალურმა დირექტორმა გეგი ქელბაქიანმა.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ახალ წევრს, კომპანია „ენსისის“, რომლის მთავარი ხელწერა და კონკურენტული უპირატესობა თითოეული პროექტისთვის დამატებითი ღირებულების შექმნაა, ეს ხელწერა „ენსისის“ მიერ განხორციელებულ ყველა პროექტში იკითხება. გვახარებს ის ფაქტი, რომ ასეთი სტანდარტების და გამოცდილების მქონე კომპანიები არჩევანს ბიზნეს ასოციაციაზე აკეთებენ და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მეტად საინტერესო და ნაყოფიერი იქნება“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.