ჯენ ფსაკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობა დამყარდება

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, აღმოსავლეთ უკრაინაში პროგრესის მიღწევის გარეშე, არ გაუქმდება.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა. "საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობა დამყარდება. ჩვენ თავიდანვე ასეთი პოზიცია გვქონდა ისევე, როგორც ჩვენს პარტნიორებს ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში. თუ რუსეთი და სეპარატისტები შეასრულებენ მინსკში აღებულ ვალდებულებებს, ჩვენ შეგვიძლია გავაუქმოთ გარკვეული სანქციები", - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, სანქციები არ გაუქმდება, ვიდრე რეალური პროგრესი არ იქნება მიღწეული.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა რადიო France Inter-თან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა გაუქმდეს, თუ აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის დარეგულირებაში პროგრესი იქნება მიღწეული.