ელექტრომობილები ნავთობგადამუშავებას 2050 წლისთვის გაანახევრებს

ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირების მიზნით, საავტომობილო ტრანსპორტის ელექტროფიკაციისკენ გლობალური ძალისხმევა მსოფლიოს ნავთობგადამამუშავებელ სიმძლავრეებს 2050 წლისთვის გაანახევრებს. ამის შესახებ საკონსულტაციო სააგენტო Rystad Energy-ის კველვაშია ნათქვამი, რომელსაც Reuters ავრცელებს.

„2050 წლისთვის ჩვენ ელექტროფიკაციის თითქმის 90%-ს მივაღწევთ. ეს სცენარი მსოფლიო ნავთობგადამუშავების სიმძლავრეების 50%-ით შემცირებას მოგვიტანს,“ - აცხადებს Rystad Energy-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, მუკეშ საჰდევი.

მისი თქმით, ელექტრომობილები ბენზინსა და დიზელზე გლობალურ მოთხოვნას შეამცირებს, მაგრამ ავიაციაში, საზღვაო და ნავთობქიმიურ სექტორში სხვა გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნა ურბანიზაციის გამო მაღალი დარჩება, რაც დეფიციტს შექმნის.

„როგორ დაიკმაყოფილებენ ამ სექტორებში მოთხოვნას, როცა ნავთობგადამუშავების სიმძლავრეები მხოლოდ 50%-ით იმუშავებენ?! ვფიქრობ, ეს მკვეთრი სიგნალია იმაზე, რომ მოთხოვნად სექტორებში პოზიციები შეკვეცილი გვექნება. ეს მთლიან მიწოდების ჯაჭვში სამეწარმეო აქტივების მნიშვნელოვან რაციონალიზაციას გამოიწვევს,“ - აცხადებს მუკეშ საჰდევი, რომელიც გულისხმობს შემდეგს: მაგალითად, განახლებული დანადგარები, რომლებიც ბენზინსა და დიზელს აწარმოებენ, უნდა შეიცვალოს ბატარეების გრაფიტისთვის მეტი ნავთობქვანახშირის საწარმოებლად. საჰდევის თქმით, კიდევ ერთი ტენდენცია არის ნედლი ნავთობის ნავთობქიმიური პროდუქტებით გადამუშავება.

მიუხედავად ყველაფრისა, Rystad Energy მოელის, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნა შესაძლოა, გაიზარდოს. კოვიდპანდემიის გამო შეჩერებული ტენდენცია ისევ გაიზრდება და მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ნედლეულის გლობალური გადამუშავება დღეში 80,1 მლნ ბარელს მიაღწევს, რადგან ბენზინის წარმოება მაქსიმალურად იზრდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ