IMF: 2021 წლის ბოლოს საქართველოში ფასები 13.1%-ით გაიზრდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის შესახებ განახლებული მიმოხილვა გამოაქვეყნა.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სავალუტო ფონდი 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 7.7%-იან მატებას ვარაუდობს. რაც შეეხება 2022 წელს, სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, ეკონომიკის ზრდა 5.8% იქნება.

რაც შეეხება ინფლაციას, ამ მიმართულებით სავალუტო ფონდმა პროგნოზი გაზარდა, უფრო კონკრეტულად, განახლებული დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს საქართველოში ფასები საშუალოდ 9.3%-ით გაიზრდება, მაშინ როცა წინა პროგნოზით 2021 წელს ინფლაცია საქართველოში საშუალოდ 7.3% უნდა ყოფილიყო.

ამასთან, სავალუტო ფონდი პროგნოზირებს, რომ მიმდინარე წლის ბოლოს ინფლაცია 13.1% იქნება. 2022 წელს კი, დოკუმენტის მიხედვით, მოსალოდნელია ფასების საშუალო ზრდა 5.4%-ით, ხოლო 2022 წლის დეკემბრის ბოლოს ინფლაცია 3.2%-მდე შემცირდება.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.

ნოდარ სირბილაძე