კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - „აბულმუგის“ სპარსული აბანოს ახალ, უსაფრთხო ტერიტორიაზე გადატანა წარმატებით დასრულდა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - „აბულმუგის“ სპარსული აბანოს ახალ, უსაფრთხო ტერიტორიაზე გადატანა წარმატებით დასრულდა, რაც საქართველოში პირველად განხორციელდა და უპრეცედენტო შემთხვევას წარმოადგენს, როდესაც დაუშლელად მოხდა ძეგლის ადგილმონაცვლეობა. პროექტი „საყდრისის კომიტეტის“ წევრების ინიციატივით განხორციელდა, სამუშაოები კერძო კომპანია „ბაგინეთი პლუსმა“ შეასრულა. აღნიშნულ პროექტი კი კომპანია „არემჯი გოლდმა“ დააფინანსა.

„აბულმუგის“ აბანო დმანისის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ის XVII საუკუნის სპარსულ ნაგებობას წარმოადგენს. პირველი გამაგრებითი სამუშაოები 1970-იან წლებში ჩატარდა, თუმცა 2018 წლისთვის მისი მდგომარეობა კვლავ საგანგაშო იყო. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლიდან ძეგლზე გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა და მთელი რიგი ღონისძიებები ჩატარდა, მათ შორის, არქეოლოგიური-გაწმენდითი, ძეგლის მდგომარეობა მაინც სავალალო რჩებოდა და უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ბუნებრივი პირობების გამო ძეგლი კვლავ ზიანდებოდა.

როგორც „საყდრისის კომიტეტის“ წევრი, ნინო ბურჭულაძე აღნიშნავს, ძეგლის გადარჩენის მიზნით აუცილებელი იყო მისი უსაფრთხო ადგილზე გადატანა, რისთვისაც არაერთი კომპლექსური კვლევა ჩატარდა. მისივე თქმით, შერჩეული ადგილი და მისი ლანდშაფტი სრულად მორგებულია ძეგლზე, ახალ გარემოში ძეგლის შინაარსი და ხასიათი არ დარღვეულა.

„იდეაფიქსად გავიხადეთ, რომ „აბულმუგის“ სპარსული აბანო უნდა გადაგვერჩინა. ვინაიდან ძეგლი საწარმოო ტერიტორიაზეა, აფეთქების მუხტები დაწეული იყო ზიანი რომ არ მიდგომოდა, თუმცა, ბუნებრივი პროცესები ვერ შევაჩერეთ. იმდენად რთულ მდგომარეობაში იყო ძეგლი, რომ ვთქვით, იქნებ სხვა ღონისძიებებზე დავიწყოთ მსჯელობა, მათ შორის, რადიკალურზე. მარტო ჩვენ ვერ მივიღებდით გადაწყვეტილებას, აქ სპეციალისტები, სხვადასხვა დარგის ექსპერტები უნდა ჩართულიყვნენ. 2021 წლის მარტში კი სააგენტომ დასაშვებად მიიჩნია ძეგლის გადატანა. ჩვენი მიზანი იყო, „აბულმუგის“ სპარსული აბანოს უსაფრთხო ადგილზე გადატანა, რაც უფრო მიმზიდველს გახდიდა მას, ტურისტები ნახავდნენ და ახალ სიცოცხლეს შეიძენდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე დასასვენებელი ადგილი გაჩნდება. იქნება ტერასა, განათება, ბეტონის კედლებიც თემატურად მოიხატება, ძეგლი კი დაცული იქნება“, - განმარტავს ბურჭულაძე.

როგორც „არემჯის“ კორპორატიული დირექტორი, კახა მჭედლიშვილი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ძეგლის გადატანის პროცესი წარმატებით დასრულდა, გამოწვევას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ საქართველოში ძეგლის გადატანის გამოცდილება არ არსებობდა.

„რომ არა „საყდრისის კომიტეტის“ ეს ინიციატივა და დაუღალავი შრომა, ძეგლის გადატანის პროცესი ასეთი წარმატებით ვერ დასრულდებოდა. გვიხარია, რომ უფრო ლამაზ ძეგლს ვხედავთ, რომელიც ყველა ვიზიტორისთვის ხელმისაწვდომია. ის გამოცდილება, რაც „ბაგინეთი პლუსმა“ და „საყდრისის კომიტეტმა“ მიიღო, სხვა მრავალ პროექტს გამოადგება“,- აცხადებს კახა მჭედლიშვილი.

სამუშაოების შემსრულებელ კომპანიის, “ბაგინეთი პლუსის“ დირექტორი, არჩილ ყიფიანი აღნიშნავს, რომ „აბულმუგის“ სპარსული აბანოს გადატანაში ძალიან ბევრი უსახელო გმირი მონაწილეობდა, მათ შორის, მუშები, რომლებიც სიცოცხლის ფასად მონაწილეობდნენ ძეგლის გადატანის პროცესში.

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ინჟინრებს, აქტივისტებს, ბიზნესს და რიგით მშრომელ ხალხს შეგვიძლია ქართული საქმე კარგად ვაკეთოთ. მუშები საკუთარი სიცოცხლის ფასად შედიოდნენ საძირკვლის ქვეშ. ამ პროცესში ძალიან ბევრი უსახელო გმირია! “,- აღნიშნავს არჩილ ყიფიანი.

ცნობისთვის, „აბულმუგის“ სპარსული აბანოს გადატანის სამუშაოებში ქართველმა სპეციალისტებმა მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღეს. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მსგავსი პრაქტიკა, კერძოდ, ძეგლების ადგილმონაცვლეობა მიღებულია, თუმცა, საქართველოში ეს პირველად „საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივით განხორციელდა და წარმატებით დასრულდა.

ამასთან, ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე უნდა მოეწყოს, რისთვისაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.