ხორბალი ისევ ძვირდება - რას სთავაზობს ბიზნესი მთავრობას

რუსეთში, რომელიც ხორბლის მთავარი იმპორტიორია საქართველოში, ხორბალი უკე რამდენიმე კვირაა ზედიზედ ძვირდება. ბოლო მონაცემებით, ერთი ტონა ხორბლის ფასი 305 დოლარს შეადგენს. ოქტომბერში ფასები კი, როგორც რუსული მედია წერს, 307 დოლარამდე გაიზრდება.

ტენდენციის ასახვა საქართველოში უკვე დაწყებულია საქართველოშიც, თუმცა სრულ ეფექტს ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ვიგრძნობთ - ამის შესახებ რადიო "პალიტრისა" და "პალიტრანიუსის" გადაცემაში „საქმე“ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ისაუბრა.

ლევან სილაგავას თქმით, ახლა სახელმწიფო ხალხის განწყობიდან გამომიდინარე გადაწყევტს, ჩაერევა თუ არა ფასის რეგულირებაში.

,,მარკეტინგული წლის დასაწყისში, ანუ როცა მოსავლის აღება იწყება, 1-ელ ივლისს რუსეთში ხორბალზე მცურავი ბაჟი 25 დოლარი იყო. დღეს 50 დოლარის ფარგლებშია. გაძვირებულია თავად ხორბალიც, 50-60 დოლარით. დღეს, რუსეთში ფასი 300 დოლარს უკვე გაცდენილია. ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ იმ საშუალო შეწონილი ფასებით გადავიაროთ ნაკლები პრობლემებით ეს თვე, რადგან მომავალი თვის შუა რიცხვებიდან ხორბლის და ფქვილის გაძვირებს ეფექტი უკვე აისახება. მატება უკვე დაიწყო, ახლა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 65-67 ლარია და ტენდენციის მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე სახელმწიფომ მოსახლეობის განწყობიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს.

დღევანდელ გამოწვევას დაემატა კიდევ ერთი, ეს არის ფქვილის აგრესიული იმპორტი. რამაც დისბალანსი შექმნა ხორბალსა და ფქვილს შორის, რადგან უკვე წარმოებულ პროდუქტზე მცურავი ბაჟი არ არსებობს. ეს ერთის მხრივ დააბალანსებს ფასს, მაგრამ მეორეს მხრივ შექმნის პრობლემატა კომპლექსურ ჯაჭვს.

როგორ უნდა მოხდეს სიტუაციის რეგულირება სახელმწიფოს დონეზე, ამას ახალი ველოსიპედის გამოგონება არ სჭირდება. არის სხვადასხვა ქვეყნების ანალოგები. მაგალითად, მეზობელ აზერბაიჯანში, მთლიანი ჯაჭვია გათავისუფლებული დღგ-სგან. თურქეთმა იმპორტის გადასახადი გააუქმა, იგივე გააკეთა მაროკომ და სხვა ქვეყნებიც რიგში დგანან. ჩვენთან კი, არსებული სოციალური ფონიდან გამომდინარე ეს არის ალბათ, ჩვენი გზაც. ჩვენი პოზიციაა, თავისუფალი ბაზრის პრინციპით მუშაობა“, - განაცხადა სილაგავამ.

თამარ მუკბანიანი