როდის დასრულდება თბილისში დაუმთავრებელი დიდი პროექტები

თბილისში დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემაზე მერია რამდენიმე წელია აქტიურად საუბრობსნ და ყურადღება მის მოგვარებაზე ამახვილებს. როგორც მერის მოადგილე ილია ელოშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, დედაქალაქის მასშტაბით, 179 დაუსრულებელი სამშენებლო ობიექტი არსებობს და ამ მშენებლობების მიღმა 13 ათასი ოჯახია დარჩენილი.

„ამათგან, დაახლეობით, 6 ათას ოჯახამდე იყო „ცენტრ-პოინტის“ ნაწილში, თუმცა, დაზარალებულების ძირითადი მასა 5-6 მშენებლობაზე ნაწილდება, როგორიც იყო: „სვეტი“, „ოლიმპიური ვარსკვლავი“ და სხვები. დღეის მდგომარეობით, ყველა ეს პრობლემა მოგვარებულია. დიდი მშენებლობების - „სვეტის“, „ოლიმპიური ვარსკვლავის“, „ცენტრ-პოინტის“ ნაწილში, ინტენსიური სამუშაოები მიდის. ასევე მოვაგვარეთ, 20-მდე მცირე მშენებლობა.

რაც შეეხება ზემოთჩამოთვლილი პროექტების დასრულების ვადებს, „სვეტის“ შემთხვევაში ძალიან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს და ვფიქრობ, 2022 წელს მენაშენეებს უკვე გადაეცემათ ბინები. „ცენტრ-პოინტის“ ნაწილში, სარემონტო სამუშაოების 80% მომავალი წლის 1-ელ ნახევარში დასრულებული იქნება, დანარჩენი ობიექტების შემთხვევაში კი ყველა დაზარალებული 3 წლის განმავლობაში მიიღებს ბინებს, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შემთხვევაშიც 2.5-3 წელია საჭირო საბოლოოდ რომ დასრულდეს სამუშაოები. შესაბამისად, ამ 10 ათასი მენაშენიდან, რომლებსაც პრობლემა მოვუგვარეთ, ნაწილი 2022 წლის 1-ელ ორ კვარტალში, ხოლო დანარჩენი 3-წლიან პერიოდში მიიღებს ბინებს,“-აღნიშნა ელოშვილმა.

დაუსრულებელი მშენებლობების მოგვარების პროცესში სხვადასხვა ინვესტორ კომპანიასთან ერთად თბილისის მერიაც მონაწილეობს, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისითაც. როგორც მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის უშუალოდ მერიის მხრიდან უკვე დახარჯულია 10 მლნ ლარამდე, ხოლო ჯამში, 3-წლიან პერიოდზე, პრობლემის სრულად მოგვარება მერიას დაახლოებით, 45-დან 50 მლნ ლარამდე დაუჯდება.

თაია არდოტელი