რა პერსპექტივა აქვს ქართულ ხურმას საექსპორტო ბაზრებზე - „მწარმოებლებმა უნდა გამოიყენონ შანსი, რათა ხურმის ახალი ბაზრები იპოვონ“

ქართულ ხურმაზე დამდეგ სეზონზე შესაძლოა, მოთხოვნა გაიზარდოს. ამის მიზეზად პორტალი EastFruit ევროპის ბაზარზე ხურმაზე მოსალოდნელ მაღალ ფასებს ასახელებს, რაც ხურმის გლობალური ბაზრის ლიდერ ქვეყანაში, ესპანეთში მცირე მოსავალს უკავშირდება.

პორტალის მონაცემებით, საქართველო ხურმის წარმოებასა და ექსპორტს ყოველწლიურად ზრდის და 2020 წელს პირველად დასახელდა მსოფლიოს იმ 6 ქვეყანას შორის, რომელსაც ექსპორტზე 10 ათას ტონაზე მეტი ხურმა გააქვს. ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთი და დსთ-ს ქვეყენებია.

მიმდინარე წელს მოსავალი იგვიანებს, თუმცა საკმაოდ კარგია. თუმცა ესპანურთან შედარებით, ქართული ხურმის პრობლემა ექსპორტის დივერსიფიკაციისთვის შესაძლოა, ხილის გარეგნობისა და გემოს ხარისხი გახდეს. ესპანურ ხურმას კურკა არა აქვს და ნაკლებ ტანინებს შეიცავს.

უკვე ცნობილია, რომ ესპანეთში ხურმის 20-დან 25%-ით ნაკლები მოსავალი მოვა, რისი მიზეზიც გაზაფხულის ყინვები იმდენად არა, რამდენადაც მავნებელ Planococcus-ის სწრაფი გავრცელებაა. ამან ესპანეთის ხურმის პლანტაციების უმეტესობა დააზარალა. შესაბამისად, გაიზარდა მკურნალობის ხარჯები, მოსავლის გარკვეული ნაწილი დაიკარგა, ხარისხი კი გაუარესდა.

ესპანეთი ყოველწლიურად, დაახლოებით, 210 ათასი ტონა ხურმის ექსპორტს ეწევა, რაც გლობალური ვაჭრობის თითქმის მესამედია. 2021/22 წლების სეზონზე, ესპანური ხურმის ექსპორტი შესაძლოა, 160-170 ათას ტონამდე შემცირდეს, რაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება. EastFruit ვარაუდობს, რომ ესპანეთში ხურმის მოსავლის შემცირება, პირველ რიგში, ისრაელისა და იტალიელ მებაღეებს დაეხმარება, რომლებიც 2021/22 წლების სეზონზე თავიანთ პროდუქციაზე ფასებს გაზრდიან.

„ქართული ხურმის მოწინავე ექსპორტიორებმა და მწარმოებლებმა უნდა გამოიყენონ ეს შანსი, რათა ხურმის ახალი ბაზრები იპოვონ,“ - წერს EastFruit, რომელიც ვარაუდობს, რომ ქართული ხურმის ფასი ისევე, როგორც მებაღეების შემოსავალი შარშანდელზე ნაკლები არ იქნება.

გარდა ამისა, EastFruit-ის შეფასებით, კორონავირუსის გლობალური პანდემიის ფონზე ხურმის მოხმარება ტრენდად ითვლება, რადგან მის წვენში შემავალი ტანინები covid-19-ის ვირუსს კლავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ