საქართველოში შესაძლოა, გზავნილები გაძვირდეს - „პირდაპირ ვართ დამოკიდებული ავიაგადაზიდვის ტარიფებზე”

საქართველოში შესაძლოა, გზავნილები გაძვირდეს. ამის მიზეზი გაზრდილი ტვირთბრუნვა და შესაბამისად, ავიაგადაზიდვების ღირებულების მატებაა. როგორც „ინექს გრუპის“ დირექტორი "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, ამ დროისთვის კომპანია საერთაშორისო გზავნილებზე ტარიფებს ინარჩუნებს, თუმცა რა იქნება სამომავლოდ, რთული სათქმელია. გიორგი კაპანაძის თქმით, ავიაგადაზიდვის ფასები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და იმ შემთხვევაში, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ტარიფების კორექტირება „ინექს გრუპსაც“ მოუწევს.

ცნობისთვის, კომპანამ FedEx უკვე დაანონსა, რომ მომავალი წლის 3 იანვრიდან მიწოდების ტარიფებს გაზრდის. CNN-ის ინფორმაციით, სერვისის გაძვირება აშშ-ს ყველანაირ შიდა, საექსპორტო თუ საიმპორტო მომსახურებას შეეხება.

„ჩვენ მცირე სახეცვლილებები უკვე მოვახდინეთ საკურიერო სერვისთან დაკავშირებით. მოგვიწია ტარიფების გადახედვა. რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვის ფასებს, ჯერჯერობით უცვლელია. ისევ ის ტარიფებია, რაც ჩვენ გვქონდა ყოველთვის. გარდა ჩინეთსა, სადაც შარშან გაიზარდა და ეს ღირებულება ნარჩუნდება. თუმცა, რა იქნება შემდეგში, რთული სათქმელია, რადგან პირდაპირ ვართ დამოკიდებული ავიაგადაზიდვის ტარიფებზე, რომელიც მნიშვნელოვნად არის გაძვირებული. ვიმოდოვნებთ, რომ მეტად აღარ გაძვირდება.

თუ ავიაკომპანიების მხრიდან კიდევ მოხდა ტარიფების კორექტირება, მაშინ იძულებული ვიქნებით ცვლილებები, გარკვეული მიმართულებებით შევიტანოთ. გააჩნია რა მიმართულებით გაძვირდება. ზოგადად, ჩინეთში უფრო აღინიშნება ზრდის ტენდენცია, როგორც ავიაგადაზიდვების, ისე საკონტეინერო მომსახურების თვალსაზრისით. მაგალითად, საკონტეინერო მომსახურება, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, 4-ჯერ გაიზარდა“,-ამობს გიორგი კაპანაძე.

რაც შეეხება ტვირთბრუნვის ზრდის მიზეზს, როგორც „ინექს გრუპის“ დირექტორი ამბობს, ეს კოვიდპანდემიამ და დისტანციური ვაჭრობის მაჩვენებლის ზრდამ გამოიწვია.

„ზოგადად, კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე, შარშან და წელს გადაზიდვები გაიზარდა, რადგან ტვირთბრუნვამ იმატა. უშუალოდ ამანათების რაოდენობაც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, იმიტომ, რომ მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დისტანციურ ვაჭრობაზეა გადასული. ასევე გაიზრდა საწვავის ფასი და ამასთან, იმატა სხვადასხვა სერვისების თვითღირებულებამ“, - ამბობს გიორგი კაპანაძე.

ცნობისთვის, FedEx-ის სახლში მიწოდების სერვისი, საშუალოდ, 5,9%-ით გაძვირდება, ხოლო FedEx Freight-ის სატვირთო გადაზიდვების მოსახურება 7,9%-მდე. კომპანიაში აცხადებენ, რომ სატვირთო ტარიფები, ასევე, გაიზრდება კანადისა და მექსიკის როგორც შიდა, ისე ქვეყნებს შორის გადაზიდვებში, ასევე, აშშ-სა და მიმდებარე ქვეყნებს შორის მომსახურებაში.

ნინი ქეთელაური