რესტორნებს კლიენტურა შეუმცირდათ

”შემოსავალი დაახლოებით 30 პროცენტით შეგვიმცირდა”

ახალი, 2015 წელი თანდათან ძალაში შედის. როგორც წესი, ამ დღეებში გასართობ დაწესებულებებში ხალხის რაოდენობა იზრდება, ამიტომ, რესტორნები და კაფე-ბარები საახალწლოდ განსაკუთრებით ემზადებიან. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ წელს ამ ბიზნესის წარმომადგენლებს იმედი გაუცრუვდათ: რესტორნების ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ახალი წლის დღეებმა საკმაოდ უფერულად ჩაიარა, უფრო მეტიც, ეს დღეები მათთვის წამგებიანიც კი იყო: საგანგებოდ მოემზადნენ, სოლიდური თანხაც დახარჯეს, რომ კლიენტებს ღირსეულად დახვედროდნენ, მაგრამ წინა წლებთან შედარებით, მათი შემოსავალი მიზერული აღმოჩნდა.

ელისო ქავთარაძე რესტორან ”ალავერდის” დირექტორი:

- შარშანდელთან შედარებით ჩვენთვის ეს ახალი წელი უარესი იყო: დეკემბრის ბოლოს და იანვრის პირველ რიცხვებში ძირითადი დატვირთვა კერძო პირებზე მოდიოდა. კლიენტების რაოდენობაც ნაკლები იყო და შეკვეთებიც. თანაც, შარშან ჩვენს რესტორანში შემოსული კლიენტები გაცილებით მეტს ხარჯავდნენ, რის გამოც შემოსავალი დაახლოებით 30 პროცენტით შეგვიმცირდა. შემოსავალიც ნაკლები გვაქვს და კლიენტების რაოდენობაც. შარშანდელთან შედარებით საკმაოდ რთული მდგომარეობა გვაქვს.

მიუხედავად წამგებიანი დღეებისა, რესტორან ”შარბათის” დირექტორი ილია თანდარაშვილი ოპტიმისტურად არის განწყობილი:

- რომ გითხრათ, რომ ეს უსარგებლო ბიზნესია, მართალი არ ვიქნები - პირიქით, საქართველოში ეს ბიზნესი შემოსავლიანი და სარგებლიანია და იმიტომაც არის ამ რაოდენობის რესტორნები. კონკურენცია არ არის-მეთქი, ამასაც ვერ გეტყვით. კონკურენცია დიდია, მაგრამ ჩვენ მაღალი კატეგორიის სეგმენტი გვიჭირავს, ამიტომაც არ გვეშინია და დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ ბაზარზე სათანადო ადგილს დავიმკვიდრებთ. ამ გადასახედიდან სახელიც გვაქვს და კმაყოფილი მომხმარებელიც ბლომად გვყავს. ახალი წლისათვის ძალიან დიდი და კარგი პროგრამა მოვამზადეთ, ეს პირველი ახალი წელია, რაც ჩვენი რესტორანი არსებობს, ამიტომაც გვინდოდა რაღაც უფრო ლამაზი, პომპეზური გაგვეკეთებინა და ეს კიდეც შევძელით. მიუხედავად ამისა, გაყიდვების რაოდენობა მაინც მწირი იყო.

თანდარაშვილის თქმით, კლიენტურის სიმცირის გამო იძულებული გახდნენ ფასი რამდენჯერმე დაეწიათ და დარბაზში თავიანთი ახლობლები და მეგობრები დაესვათ: ”დიდი პროგრამა გვქონდა და სერიოზული ხარჯი გავწიეთ. რასაკვირველია, ასეთ დროს გინდა, რომ დარბაზი გაივსოს. ჩვენ ორი დარბაზი გვაქვს, ვინც ქვედა დარბაზში იჯდა, ზემოთ ამოვიყვანეთ, რომ ერთ-ერთი მათგანი მაინც შევსებულიყო. ქვედა დარბაზი კი, საერთოდ დავკეტეთ. ალალად რომ გითხრათ, ეს ზარალი იყო, მაგრამ ჩვენთვის ეს პირველი ახალი წელია და მაინც გვიღირდა. სხვა დღესასწაულებიც მოდის და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი გამოსწორდება და უკეთესობისაკენ წავა”.

კლიენტურის სიმცირეს უჩივის რესტორან ”კრუიზის” დირექტორი მარინა მარუქაშვილიც:

- ჩვენ ძირითადად, საშუალო ფენას ვემსახურებით. შარშან საკმაოდ კარგი საახალწლო დღეები გვქონდა, წელსაც ველოდით შარშანდელ კონტიგენტს, მაგრამ ძველი კლიენტურა არ მოვიდა. ალბათ ხალხსაც გაუჭირდა და აღარა აქვს იმის საშუალება, რომ დღესასწაული რესტორანში აღნიშნოს. მართალია, მომავლის იმედი გვაქვს, მაგრამ ახალი წლის პირველმა დღეებმა იმედი გაგვიცრუა.

ექსპერტთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ გაყიდვების მაჩვენებლების შემცირება მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითი უნარის ბრალია, რაც პირველ რიგში გასართობ დაწესებულებებზე აისახება, თუმცა გია ხუხაშვილი გამორიცხავს, რომ რესტორნების კონტიგენტის შემცირებაში რაღაც ეკონომიკური საფუძვლები უნდა ვეძებოთ.

გია ხუხაშვილი: ”ჩემი აზრით, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არჩია ახალ წელს ოჯახურ წრეში შეხვედროდა, ან მზა სამზარეულოს სერვისით ისარგებლა. ყოველ შემთხვევაში, ეს არ არის მოვლენა, რომელსაც შეიძლება ღრმა სისტემური მიზეზები ჰქონდეს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ. ჩემი აზრით, რესტორნებს კონტიგენტი იმიტომ შეუმცირდათ, რომ წინა ხელისუფლების დროს ამ ტიპის დაწესებულებებში ძირითადად ჩინოვნიკები და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები დადიოდნენ, ეს მაშინ საკმაოდ პოპულარული და მიღებული ფორმა იყო. დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებში კი, ამ ტიპის მოლხენა მიღებული არ არის - ისინი ერიდებიან საზოგადოებაში ამგვარი იმიჯით გამოჩენას”.

ხუხაშვილის თქმით, ეს არც მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის შემცირების ბრალია: ”კონტიგენტი, რომელიც რესტორანში დადის, ფინანსურად საკმაოდ წელგამართულია. არ ვფიქრობ, რომ იმ კონტიგენტს რაიმე ფინანსური პრობლემები ჰქონდეს. ახალი წლის რესტორანში გატარება არასოდეს ყოფილა სოციალურად დაუცველი, ან ეკონომიკურად შეჭირვებული ფენის პრივილეგია. ეს უფრო ჩინოვნიკებისა და სამართალდამცავი სტრუქუტრების წარმომადგენელთა ”ჰობი” იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ შეგვიძლია სერიოზულ ეკონომიკურ ფაქტორებზე ვილაპარაკოთ. ხომ არ გამოიწვია ეს პროცესი ლარის კურსის რყევამ? - ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება იმდენად მცირე იყო, რომ არა მგონია ამას ემოქმედა, მით უმეტეს, რესტორნებზე, სადაც 200-300-პროცენტიანი ფასნამატებია, ლარის კურსის რყევა მაინც და მაინც მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენდა. მე მაინც ვფიქრობ, რომ წელს იმდენივე ინდაური და გოჭი შეიჭამა, რამდენიც წინა წელს, ოღონდ - ოჯახურ გარემოში - ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით”...

ხათუნა ჩიგოგიძე