ევროკავშირი ყველა მობილური ტელეფონისთვის საერთო დამტენის დაკანონებას აპირებს

ევროკომისია აპირებს, ხუთშაბათს წარმოადგინოს კანონპროექტი, რომელიც ყველა მობილური ტელეფონისთვის, პლანშეტისთვის, ყურსასმენისთვის და სხვა გაჯეტებისთვის საერთო დამტენის დაკანონებას ითვალისწინებს. ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს.

„ეს უარყოფითად iPhone-ის მწარმოებელ Apple-ზე უფრო იმოქმედებს, ვიდრე მის კონკურენტებზე,“ - წერს სააგენტო.

ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლება და კანონმდებლები ათ წელზე მეტია, საერთო დამტენის დაკანონებას ცდილობენ და აცხადებენ, რომ ეს გარემოსთვის უკეთესი, მომხმარებლებისთვის კი უფრო მოსახერხებელი იქნება. ამასთან, ევროკომისიას სურს, რომ დამტენები მოწყობილობებთან ერთად აღარ იყიდებოდეს და დამუხტვის ჰარმონიზებული პორტის შეთავაზებას გეგმავს.

Apple, რომლის iPhone-ები მისი Lightning კაბელით იტენება, აცხადებს, რომ საერთო დამტენზე მიერთების იძულების წესი ინოვაციას შეაჩერებს, მასიურ ელექტრონულ ნარჩენებს შექმნის და მომხარებლებსაც გააღიზიანებს.

კონკურენტი Android-ის სისტემის მოწყობილობები USB-C კონექტორების გამოყენებით იტენება. ევროკომისიის მიერ 2019 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, 2018 წელს მობილურ ტელეფონებთან ერთად გაყიდული დამტენების ნახევარს USB micro-B, ხოლო 29%-ს USB-C კონექტორი ჰქონდა. Apple-ის Lightning კონექტორს დამტენების მხოლოდ 21% იყენებდა.

თუ ევროკომისიის ინიციატივა დამტკიცდება, შესაძლებელია, ამერიკულმა მწარმოებელმა, Apple-მა, თუნდაც ევროკავშირის ქვეყნებში, თავის დამტენებზე უარი თქვას. არ არის გამორიცხული, კომპანია USB-C კონექტორის დამტენზე გადავიდეს, ან მთლიანად უკაბელო დამტენებზე გადაერთოს. აღსანიშნავია, რომ Apple-მა Lightning დამტენის გამოყენება iPad-ზე 2019 წლიდან შეწყვიტა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ