მთავრობა ვიზის აღების ელექტრონულ ფორმას სავარაუდოდ, 1 თებერვალს წარადგენს

საქართველოს მთავრობა ვიზის აღების ელექტრონულ ფორმას სავარაუდოდ, 1 თებერვალს წარმოადგენს, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, 2014 წელს საქართველოს 5 493 492 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 1,9%-ით აღემატება, თუმცა პროგნოზი უფრო მეტი იყო. "იყო რამდენიმე ფაქტორი, რამაც ჩვენი საპროგნოზო მონაცემები, გარკვეულწილად დააკორექტირა. პირველ რიგში, ესაა რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის, რუსეთსა და უკრაინაში განვითარებული მოვლენები, თუმცა სავიზო რეგულაციების გამკაცრებამ, შესაძლოა, გარკვეულწილად ტურისტების რაოდენობაზე იმოქმედა. უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ვიზის აღების ელექტრონულ ფორმას, რაც ტურისტებს საქართველოს ვიზის აღების შესაძლებლობას გაუმარტივებს", - განაცხადა ჩოგოვაძემ და დასძინა, რომ მთავრობის მიერ ვიზის აღების ელექტრონული ფორმის წარმოდგენა, სავრაუდოდ, 1-ლი თებერვლიდან მოხდება.