ეს არის „ანაკლია-2“, შემდგომი ძალიან დამაზიანებელი სასამართლო დავებითურთ - რომან გოცირიძე „ენკას“ მიერ ხელშეკრულების გაწყვეტაზე

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, "ნამახვანჰესის” ინვესტორის გაქცევა არის სერიოზული დარტყმა ქვეყნის საინვესტიციო რეპუტაციისთვის.

ამასთან, როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციას ასე ადვილად არ დებენ, როგორ ამას ხელისუფლებაში აცხადებენ და ახალი ინვესტორის პოვნას გვპირდებიან.

გოცირიძის აზრით, „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელებას მრავალი წელი დასჭირდება ან საერთოდ გაიზიარებს ხუდონის ბედს.

"ამაში პირველ რიგში დამნაშავეა საქართველოს ხელისუფლება, პერსონალურად ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობა ეთამაშებოდა პირდაპირ რუსეთიდან მართულ ძალებს, ვარლამებს და მასთან მიტმასნილ შავრაზმელებს, რომლებმაც ჟურნალისტების დარბევაშიც მიიღეს შემდეგ მონაწილეობა, დაადგმევინა თბილისის ქუჩებში “საპროტესტო” აქცია. თავისი შინაარსიც, რაც მოხდა, ეს არის ანაკლია-2, შემდგომი ძალიან დამაზიანებელი სასამართლო დავებითურთ.

ქვეყანაში გზააბნეულ, თავაბნეულ ან ეკოლოგიური თემებით გულწრფელად აღელვებულ ადამიანებს რა გამოლევს, მაგრამ მათი მთავარ დამნაშავეებად გამოყვანა არ გაუვა “ქართულ ოცნებას”. შეეცდებიან. ისინი “უნებლიე მტრები” არიან”, - აცხადებს რომან გოცირიძე.