უპრეცედენტო შეტევაა კონკრეტულ კომპანიაზე, რომელმაც უზრუნველყო ამ ბანერების გამოკვრა კონტრაქტის საფუძველზე - ყველა ტელევიზიამ და პარტიამ მიხედოს თავის ზიზღიან კომერციულ რეკლამებს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ე.წ. სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, კომპანია, რომელმაც ბანერები გააკრა, კომერციული ორგანიზაციაა და ეკისრება ვალდებულება, „ასეთი ბილბორდები გამოაკრას, თუ მიუტანენ“.
„ყველა ტელევზიის ეთერში განთავსებულია სიძულვილის და ზიზღის შემცველი კომერციული რეკლამა და არავის არაფერი უთქვამს ამასთან დაკავშირებით, მეტიც, როდესაც ტელეკომპანია „იმედმა“ ერთ-ერთ ასეთ რეკლამაზე თქვა უარი, სასამართლომ მას დააკისრა სამართლებრივად ამ ზიზღის შემცველი კლიპის განთავსების ვალდებულება. როდესაც ამ პირობებში „ნაცმოძრაობის“ და მისი ტელევიზიის წარმომადგენლები გადაწყვეტენ, რომ შტურმი მიიტანონ კერძო კომპანიებზე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმის გაგრძელება, რაც გვახსოვს 2012 წლამდე პერიოდიდან - შტურმი დამოუკიდებელ კომერციულ ორგანიზაციებზე. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ყველა ტელევიზიამ და პარტიამ მიხედოს თავის ზიზღიან კომერციულ რეკლამებს, რომლებიც განთავსებულია კომერციულ ტელევიზიებში“,- განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება იმას, რომ სიძულვილის ენის შემცველი ბანერები ვაქცინაციის წამახალისებელი შინაარსის პლაკატებზეა გადაკრული, კობახიძე ამბობს, რომ ეს სპეკულაციაა და „რამდენიმე ათეული ბილბორდია გაკრული, საიდანაც დამთხვევა მოხდა მხოლოდ სამი ბილბორდის შემთხვევაში“.
ცნობისთვის, თბილისში და რამდენიმე ქალაქში გამოაკრეს ბანერები, სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით: „არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!“. ამასთან, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, აღნიშნული პლაკატები ვაქცინაციის წამახალისებელი შინაარსის ბანერებს გადააკრეს.