გიორგი პერტაიამ და საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს

სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია საქართველოში აზერბაიჯანის ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა, სადაც ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო პალატიდან აცნობეს, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ვიზიტების ორგანიზების, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაფართოების კუთხით ბიზნეს ფორუმებისა და კონფერენციების ჩატარების აუცილებლობაზე.

ასევე, ხაზი გაესვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის საქმიანობის მნიშვნელობას.

შეხვედრის ბოლოს აღინიშნა, რომ ბიზნეს ფორუმების გამართვა ნაყოფიერი იქნება ორივე მხარის ბიზნეს წრეებისთვის.