პანდემიურ 2020 წელს, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექტორის შემოსავლები მხოლოდ 2.1%-ით შემცირდა - Galt&Taggart

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანია საქართველოში.

2019 წელს სექტორის საერთო მოგების მარჟა 30.2%, ხოლო საოპერაციო მოგების მარჟა 20.8% იყო, რაც ბიზნეს სექტორის საშუალო მაჩვენებელს 1.4-ჯერ და 1.7-ჯერ აღემატება. ამის შესახებ, „გალთ ენდ თაგარტის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

ამასთან, კვლევის თანახმად, პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექტორის შემოსავლები მხოლოდ 2.1%-ით შემცირდა, რაც სტაბილური საგარეო მოთხოვნის დამსახურება იყო. 2020 წელს ღვინის ექსპორტი 5.6%-ით 210.3 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. კვლევის ავტორთა შეფასებით, ეს შემცირება გაცილებით დაბალია 2015 წლის კრიზისთან შედარებით.

„სექტორში ბევრი მოთამაშეა, თუმცა იზრდება მსხვილი კომპანიების წილი ჯამურ შემოსავლებში. სექტორში მოქმედი 625 კომპანიიდან მხოლოდ 7 კომპანიაა მსხვილი ზომის, 37 საშუალო და 581 მცირე.

2020 წელს მთლიანი შემოსავლების დაახლოებით 59% მცირე და საშუალო ზომის კომპანიების მიერ დაგენერირდა. უნდა აღინიშნოს, რომ მსხვილი კომპანიების წილი ჯამურ შემოსავლებში 2015 წელს არსებული 12%-დან 41%-მდე გაიზარდა 2020 წელს. ჩვენი აზრით, სექტორში დამატებით არსებობს კონსოლიდაციის პოტენციალი, რაც გააუმჯობესებს სექტორის ფინანსურ მაჩვენებლებს,“-აღნიშნულია კვლევაში.

თაია არდოტელი