ზურაბ ჯაფარიძე: მთავრობას ერთადერთი სურვილი ამოძრავებდა, როგორმე ეთქვა, რომ ბიუჯეტი თუნდაც ქაღალდზე შეასრულეს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მთავრობას ამოძრავებდა ერთადერთი სურვილი, როგორმე ეთქვა, რომ ბიუჯეტი შეასრულეს თუნდაც ქაღალდზე.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2014 წლის ბოლო 2 დღეში, 30-31 დეკემბერს ხაზინიდან 300 მილიონი ლარი დაიხარჯა, როცა თვეში იხარჯებოდა 600-700 მილიონი ლარი საშუალოდ. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, 31 დეკემბერს, მარტო ერთ დღეს გადასახდელების სახით ხაზინიდან გასულია 155 მილიონ ლარზე მეტი. მისივე ინფორმაციით, დეკემბერში შემოსულობები იყო დაახლოებით 1 300 000 000 ლარამდე, ხოლო გადასახდელები იყო 1 250 000 000 ლარი მაშინ, როდესაც მისი თქმით, მანამდე თვეში საშუალო ხარჯვა იყო 700 მილიონი ლარი.

"ანუ, ორჯერ მეტი დაიხარჯა დეკემბერში. ეს ნიშნავს, რომ მთავრობას ამოძრავებდა ერთადერთი სურვილი, როგორმე ეთქვა, რომ ბიუჯეტი შეასრულეს თუნდაც ქაღალდზე. ბოლო დღეებში მოხდა საგარეო ვალის თანხების ჩარიცხვა. ეს თანხები განკუთვნილია ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რომლებიც უნდა განხორციელებულიყო წელს. მათი განხორციელება გადაიდო მომავალი წლისთვის. ეს ნიშნავს, რომ ის პროექტები, რომლებიც დაგეგმილი იყო 2015 წლისთვის, 2016 წლისთვის გადაიწევს", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ხაზინიდან მოხდა თანხების გაცემა. კერძოდ, ასობით მილიონი ლარის ახლობლების კომპანიებზე ავანსების სახით და მისი თქმით, ეს თანხები არ მოხმარებია რეალურ პროექტებს, მოქალაქეების დასაქმებას, ამ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. "ეს აუცილებლად აისახება პირველი - ეკონომიკური ზრდის ტემპებზე. 2004 წელს ვერ იქნა მიღწეული 5%-იანი ზრდა. მომავალ წელსაც ეკონომიკას ექნება სერიოზული პრობლემები. მეორე – ეს აისახება ლარის კურსზე, ეკონომიკის დასუსტება და ის, რომ დეკემბრის ბოლოს შემოსული თანხები ასათვისებელია, ტვირთად დააწვება ეროვნულ ვალუტას და შექმნის რეალურ საფრთხეს ლარის კიდევ უფრო გაუფასურების. მესამე – ეს აუცილებლად აისახება კორუფციის დონეზე. დეკემბრის ბოლო დღეებში ახლობლებზე ავანსად გაცემული ასობით მილიონი ლარის დიდი ნაწილი გაიფლანგება სხვადასხვა ტიპის კორუფციულ გარიგებებში და არ მოხმარდება ჩვენს მოქალაქეთა კეთილდღეობას. რომ შევაჯამოთ, 2014 წელს ფორმალურად ბიუჯეტის შესრულებას გადასახადების ნაწილში დააკლდა 100 მილიონ ლარზე მეტი, თუმცა რეალურად სახეზე გვაქვს გაცილებით ღრმა და სერიოზული პრობლემები როგორც ეკონომიკასთან, ისე მთავრობის კომპეტენციასთან მიმართებაში და სამწუხაროდ, ეს ნიშნავს, რომ 2015 წელი იქნება მძიმე", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.