„ოცნების“  ყველა პრემიერ-მინისტრს, ერთი დიდი პროექტის ჩაშლა მაინც უკავშირდება“

„მტყუან-მართლის გარჩევა სრულად უადგილოა. ფაქტია, ქვეყნის საინვესტიციო გარემო ზიანდება დაკონტრაქტებული და შემდეგ, განუხორციელებელი პროექტებით“ - ასე აფასებს ანალიტიკოსი რამაზ გერლიანი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით Enka Renewables-ის მიერ საქართველოს სახელმწიფოსთან გაწყვეტილი ხელშეკრულებას.

გერლიანი ამბობს, რომ ყველაზე მეტად ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და განვითარების შანსი, ანაკლიის პროექტის ჩაშლამ დააზარალა, შემდეგ ციფრული აბრეშუმის გზის ჩაშლილმა პროექტმა და სხვა ყველა პროექტი ამის შემდეგაა.

,, აქ მტყუან-მართლის გარჩევა სრულად უადგილოა. ფაქტია, ქვეყნის საინვესტიციო გარემო ზიანდება დაკონტრაქტებული და შემდეგ, განუხორციელებელი პროექტებით. სწორედ ამის დამსახურებაა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ინვესტიციების პერმანენტული შემცირება. მეც ვთვლი, რომ ამ სახით და ამ კონტრაქტით არ იყო სწორი ჰესების კასკადის აშენება, მაგრამ ამაში ბიზნესი და კერძო კომპანია კი არა, სახელმწიფოა დამნაშავე. რომელმაც კონტრაქტი დადო და რომლის გაწყვეტის გამოც აუცილებლად მოგვიწევს ჯარიმის გადახდა.

აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ კონკრეტული პროექტი ჩაიშალა და კონკრეტული თანხა არ შემოვა. ეს იწვევს ჯაჭვს და აისახება საინვესტიციო პოტენციალზეც. შეიძლება ითქვას, რომ ,,ოცნების“ ყველა პრემიერ-მინისტრს, ერთი დიდი პროექტის ჩაშლა მაინც უკავშირდება. ეს სისტემის არ ქონის ბრალია. ყველას თავისი ხედვა აქვს და ეს არის არის ერთიანი პოლიტიკის ნაწილი.

ასე შეიძლება ვთქვათ, რომ საინვესტიციო პოტენციალი ,,ოცნების“ ხელისუფლების დროს ჩაშლილი პროექტებიდან, ყველაზე მეტად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ჩაშლამ დააზარალა, ისევე როგორც ეკონომიკის განვითარების და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ზრდის შანსი. მეორე კი ამ მხრივ ცალსახა იყო ციფრული აბრეშუმის გზის გაჩერებული პროექტი. სხვა, ყველა პროექტი, მათ შორის „ნამახვანჰესი“ ლოკალურად აზარალებს საინვესტიციო გარემოს ეს ორი კი გლობალური მასშტაბის იყო და პროპორციულად დავზარალდით“, - აცხადებს გერლიანი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, ENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს - ამის შესახებ ინფორმაციას Enka Renewables-ის მშობელი კომპანიის - ENKA İNŞAAT-ის მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

თამარ მუკბანიანი