აფბა: საქართველოში Petrocas-ის აქტივების "როსნეფტზე" გასხვისება, ყოფილი ხელისუფლების მხრიდან საბოტაჟის ნიშნებს შეიცავს

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" შეფასებით, ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული ბიზნეს-გარიგება, რომელიც Petrocas Energy Group-ის აქციების 49%-ის "როსნეფტის" მიერ შესყიდვას ეხება, ყოფილი ხელისუფლების მხრიდან საბოტაჟის ნიშნებს შეიცავს.

როგორც ასოციაციაში აცხადებენ, წინა ხელისუფლების პირობებში, მათი ანტირუსული განწყობილების და განცხადებების მიუხედავად, არაერთი ბიზნეს-გარიგება შედგა რუსული მხარის მონაწილეობით.

"შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში რუსულ მხარეზე არაერთი მნიშვნელოვანი ობიექტი გასხვისდა და რუსული ინვესტიციების შემოდინებაც საკმაოდ მძლავრი იყო. მაგალითად, "მადნეულის" და "კვარციტის" პრივატიზება რუსულ მხარეზე, რომელიც საკმაოდ საეჭვო ვითარებაში განხორციელდა. ასევე, შეგახსენებთ, რომ "თელასის" აქციების 75% რუსული "ინტერ რაოს" საკუთრებაშია. რუსული კაპიტალი ფიგურირებს აგრეთვე საბანკო, სატელეკომუნიკაციო, ქიმიური წარმოების და სხვა სფეროებში. ეს ყველაფერი კი სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პირობებში ხდებოდა და დღეს, ამ პოლიტიკური ძალისგან, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების გაზრდაზე საუბარი, ყოვლად უსაფუძვლოა.

Petrocas Energy Group-ი არის კომპანია, რომელიც წინა ხელისუფლების სახელს უკავშირდებოდა, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდგომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა ეს აქტივი და კიდევ სხვა ბიზნესები რუს ბიზნესმენ დავით იაკობაშვილს მიყიდა, თუმცა, როგორც ამბობენ, რეალურად აღნიშნულ აქტივებს კვლავ კეზერაშვილი განაგებდა. შესაბამისად, ნათლად იკვეთება ის გარემოება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და მის შემდეგაც, აქტიურად შედის ბიზნეს გარიგებებში რუსულ მხარესთან, თუმცა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის და ხელშეკრულების რატიფიცირების მიუხედავად, მთავრობას რუსული ინტერესების ლობირებაში და გატარებაში სდებს ბრალს.

აქვე გვინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში მიმდინარეობდა აქტიური მოლაპარაკებები "გაზრპომთან" მაგისტრალური გაზსადენის მიყიდვის თაობაზე, ასევე წინა ხელისუფლების დროს იყო მოლაპარაკებები რუსული მხარისთვის "ენგურჰესის" მიყიდვაზე. მართალია, "ენგურჰესი" ქართული მხარის საკუთრებაში დარჩა, თუმცა, 2008 წლის დეკემბერში, რუსეთთან საომარი მოქმედებების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობამ რუსულ "ინტერ რაოსთან" ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, "ენგურჰესის" ეფექტიანი ექსპლუატაციის შესახებ, ანუ "ენგურჰესი" რუსულ მხარეს, პრაქტიკულად, მართვაში გადაეცა. ამას წინ უძღვოდა, საქართველოს მთავრობის მიერ 2005 წელს "გაზპრომისთვის" ერთობლივი საწარმოს შექმნის შეთავაზება, რომელიც გაზსადენის მართვას განახორციელებდა.

ამდენად, Petrocas Energy Group-ის აქციების მნიშვნელოვანი წილის რუსული "როსნეფტისთვის" მიყიდვა, აფბა-ს შეფასებით არის იმ პოლიტიკის ნაწილი, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" წლების განმავლობაში ახორციელებდა. ყოფილი ხელისუფლება რუსეთის მიმართ გამოთქმული მწვავე განცხადებების და პოზიციის მიღმა, აქტიურ ბიზნეს ურთიერთობაში იყო რუსულ მხარესთან. იგივე პროცესებს ყოფილი ხელისუფლება დღესაც აგრძელებს და ცდილობს ეს მოქმედ მთავრობას მიაწეროს", - ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.