IDFI სპორტული ფედერაციების 2019-2020 ხარჯების თაობაზე კვლევის შედეგებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ იკვეთება ფედერაციების მიერ ფინანსური სახსრების არაეკონომიური და არამიზნობრივი ხარჯვის რისკები

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) სპორტული ფედერაციების 2019-2020 ხარჯების თაობაზე კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს სპორტული ფედერაციების 2019 წლისა და 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა 145.5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც 91 მლნ ლარზე მეტი 2019 წელს, ხოლო 55 მლნ ლარამდე 2020 წელს დაიხარჯა.

IDFI მოუწოდებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, უზრუნველყოს სპორტულ ფედერაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯაროობა, დროულად დაიწყოს ფედერაციებში ანტიკორუფციული მექანიზმების დანერგვის პროცესი, რომელშიც ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები.

„ყველაზე დიდი თანხა ჩემპიონატებში, შეჯიბრებში, ტურნირებსა და მსგავსი სახის აქტივობებში დაიხარჯა და 33 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. გადარიცხული თანხებიდან ფედერაციებმა სამინისტროს ჯამურად 2 მილიონ ლარზე მეტი დაუბრუნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული თანხის ათვისება ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება ფედერაციების მიხედვით აღნიშნული თანხების გადანაწილებას, ლიდერობს საქართველოს რაგბის კავშირი, რომლის დაფინანსებამაც ჯამურად 17 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. შემდეგი ორი ფედერაცია, რომლებიც ყველაზე მაღალი დაფინანსებით გამოირჩევიან, კალათბურთისა და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციებია“,-აღნიშნულია კვლევაში.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ცნობით, სპორტულ ფედერაციებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მასშტაბური თანხები იხარჯება.

„წლების განმავლობაში სხვადასხვა კვლევითა თუ აუდიტის სამსახურის ანგარიშებით ცხადად იკვეთება ფედერაციების მიერ ფინანსური სახსრების არაეკონომიური და არამიზნობრივი ხარჯვის რისკები და რიგ შემთხვევებში მსგავსი პრაქტიკა. ფედერაციებში სუსტია როგორც შიდა, ისე გარე კონტროლის მექანიზმები. სამინისტრო ვერ ახერხებს გადარიცხული თანხების ხარჯვის შემოწმებას. ფედერაციებზე არ ვრცელდება შესყიდვების კანონმდებლობა, ისევე როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება. აღნიშნული ასუსტებს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მათი ფინანსებისა და კორუფციული რისკების მონიტორინგის შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ახალმა მინისტრმა მიმდინარე წელს ხაზი გაუსვა, რომ ფედერაციების მიმართ დაისმებოდა გარკვეული კითხვები და დაინერგებოდა ანტიკორუფციული მექანიზმები, 2021 წლის მარტიდან თავად სამინისტრომაც დანერგა ფედერაციების შესახებ საჯარო ინფორმაციის დახურვის პრაქტიკა“,-აღნიშნულია კვლევაში.

კვლევის სრულ ვერსიას გაეცანით აქ: https://bit.ly/3kA3WIi