დაცული ტერიტორიების სააგენტო, ევროკავშირის დაფინანსებით, ახალ საგრანტო პროექტს იწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი საგრანტო პროექტის პრეზენტაცია „დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების მართვის გაუმჯობესება და სერვისების ზრდა სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

პრეზენტაციას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი და IRDG პროექტის ეროვნული მენეჯერი ნოდარ კერესელიძე ესწრებოდნენ.

უწყების ცნობით, საგრანტო პროექტის ფარგლებში, სამი დაცული ტერიტორიისთვის - ლაგოდეხი, ჯავახეთი და ალგეთი, ტყის მართვის გეგმები მომზადდება; დღეისათვის, ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს 7 დაცული ტერიტორია იმართება ტყის მართვის გეგმის შესაბამისად, რაც, დაახლოებით, 90 099.5 ჰექტარ ფართობს მოიცავს. ახალი საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 3 ტყის მართვის გეგმის შემუშავება უზრუნველყოფს, დამატებით, 34 000 ჰექტრამდე ტყის მდგრად მართვას.

ამავე საგრანტო პროექტით შეიქმნება მობილური აპლიკაცია საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე უფრო მეტად კომფორტული მოგზაურობისთვის. აპლიკაცია ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებას, სოფლად სერვისების დანერგვას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესახებ.

საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 248 000 დოლარის ფინანსური მხარდაჭერა. ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში” (IRDG) პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP).

„ახალი ტყის კოდექსი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2020 წელს მიიღო, უზრუნველყოფს ტყის მართვას მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად. კონკრეტული ინიციატივები, რომელიც ტყის მართვის გარემოსდაცვით, ეკონომიკურ და სოციალურ ასპექტებს ითვალისწინებს, ხელს შეუწყობს ამ მნიშვნელოვანი კანონმდებლობის პრაქტიკულ განხორციელებას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგიამ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერის, ქეთევან ხუციშვილის განცხადებით, ევროკავშირი ეხმარება საქართველოს, შეიმუშავოს ეფექტიანი მექანიზმები ტყის მდგრადი მართვისთვის, რაც სარგებელს მოუტანს როგორც გარემოს, ისე ეკონომიკას.

,,ტყე, სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებთან ერთად, კლიმატის სტაბილურობასაც ემსახურება. საერთაშორისო მხარდაჭერით, საქართველო შეძლებს, უკეთ დაიცვას საკუთარი ტყეები, შექმნას გარემოსადმი მეგობრულ ეკონომიკური შესაძლებლობები და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას ისეთი საზოგადოების მშენებლობის გზაზე, სადაც ადამიანებსა და ბუნებას შორის ჰარმონია არსებობს“, - განაცხადა ანნა ჩერნიშოვამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილემ.

ევროკავშირი (EU) და UNDP საქართველოს სოფლის განვითარებას მრავალი წელია აქტიურად უჭერენ მხარს არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელების გზით. ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება და მისი სრული ბიუჯეტი 234.5 მილიონ ევროს შეადგენს. ამ დახმარების მიზანია სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნა, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა და სოფლის განვითარებაში მწვანე გადაწყვეტილებების დანერგვა.