,,20 დღის განმავლობაში უკვე დადასტურებული გვაქვს 86 სესხი“  - „სუბსიდირებული იპოთეკური სესხების“ ახალი პროგრამის შედეგები

,,ვინც წინა პროგრამით ისარგებლა, ახლა ვეღარ შეძლებენ ახალი პროგრამით სარგებლობას, რადგან ორმაგი სუბსიდირება არ არის დაშვებული“- ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანისუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ,აწარმოე საქართველოს“ დირექტორის მოადგილემ იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი გაბრიაძის თქმით, კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით, არსებობს მოლოდინი, რომ ერთი წლის განმავლობაში პროგრამით 1 000 ოჯახი ისარგებლებს.

,,1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა ეკონომიკის მხარდაჭერის ახალი პაკეტი, განახლებული პროგრამებით. მათ შორის, არის იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაც, რომელიც გულისხმობს მრავალშვილიანი (სამი ან მეტი შვილის) შემთხვევაში, ოჯახი შეძლებს პირდაპირ მივიდეს ბანკში და ისარგებლოს იპოთეკური სესხის სუბსიდირებით. ასევე ახლადშეძენილ პირველ და მეორე შვილზეც შეძლებენ იგივე პროგრამით სარგებლობას. მრავალშვილიანობის შემთხვევაში სუბსიდირება შეადგენს 8%-ს, ხოლო პირველ და მეორე შვილზე 6%-ს. რომ შევხედოთ რამდენია შეღავათი, 200 000-ლარიანი ლიმიტი გვაქვს პროგრამაში და 100 000-დან 200 000-ლარამდე სესხს თუ აიღებთ, შეღავათი გამოდის 700-დან 1 000 ლარამდე, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი შეღავათია. პროგრამის მიზნებში ორი მიმართულება შეიძლება გამოიყოს, ეს არის ეკონომიკური აქტივობის წახალისება და მეორე დემოგრაფიული და სოციალური კომპონენტი.

ველოდებით, რომ წლის განმავლობაში 1000-მდე ოჯახი ჩართვება პროგრამაში. ამ გათვლის საშუალებას გვაძლევს კონკრეტული მონაცემები დაახლოებით, 20 000-მდე ოჯახია მრავალშვილიანი და 40-დან 50 ათასამდე ბავშვი იბადება ყოველწკიურად, ეს გვაძლევს გათვლის საშულებას.

20 დღის განმავლობაში უკვე დადასტურებული გვაქვს 86 სესხი, რაც ადასტურებს ჩვენს მოლოდინებს. პირველ წელს, გათვალისწინებულია 5 მლნ ლარი პროგრამისთვის, მაგრამ უნდა აღვნიშნო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ მომართვა მეტი იქნება მათ სესხის მიღება შეეზღუდებათ.

უნდა ითქვას, რომ ვინც წინა პროგრამით ისარგებლა, ახლა ვეღარ შეძლებენ ახალი პროგრამით სარგებლობას, რადგან ორმაგი სუბსიდირება არ არის დაშვებული. თუმცა, წინა პროგრამისგან განსხვავებით, ახლა ოჯახებს შეუძლიათ შეიძინონ როგორც ახალ აშენებული, ასევე მეორადი ბინაც და მათ ააშენონ სახლი, ესეც შეუძლიათ“- განაცხადა გაბრიაძემ ,,საქმეში“

ცნობისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ პროგრამა სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა. პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს სუბიექტს, რომელსაც: ჰყავს 2021 წლის 1-ლი სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი; სესხის აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი; სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი. სესხის მაქსიმალური მოცულობა 200 000 ლარია. თუმცა, დასაშვებია, რომ ასაშენებელი ბინის/სახლის ღირებულება აღემატებოდეს 200 000 ლარს.

თამარ მუკბანიანი