ზურაბ ჯაფარიძე: საქართველოს ხელისუფლებას "როსნეფტისთვის" პრობლემა უნდა შეექმნა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, კაპიტალის შემოსვლა არც ერთი ქვეყნიდან პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ თუ რომელიღაც კომპანია არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ცხადია, ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს.

ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" განცხადებას გამოეხმაურა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ Petrocas Energy Group-ის აქციების 49%-ის "როსნეფტზე" გასხვისება ყოფილი ხელისუფლების მხრიდან საბოტაჟის ნიშნებს შეიცავს. "ფულის წარმომავლობას ზოგადად არა აქვს არანაირი მნიშვნელობა. ნებისმიერი კაპიტალი, რომელიც ქვეყანაში შემოდის, ასაქმებს საქართველოს მოქალაქეებს და თუ ამ კაპიტალის გამოყენება არ ხდება პოლიტიკური მიზნებისთვის, იქნება ეს რუსეთი, თუ სხვა ქვეყანა, ცხადია, მას არანაირი პრობლემა არ უნდა შეექმნას", -განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" იყო ხელისუფლებაში, საქართველოში შემოვიდა დიდი ოდენობით რუსული კაპიტალი და მან დაასაქმა საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შემოსავალს იღებენ. როგორც ჯაფარიძე აცხადებს, "როსნეფტთან" დაკავშირებით სხვა ტიპის პრობლემაა."ჯერ ერთი ის, რომ "როსნეფტი" არის ის კომპანია, რომელიც დასავლეთის სანქციებში მოხვდა. თუ ჩვენ გვინდა, რომ ვიდგეთ ცივილიზებული სამყაროს მხარეს, ამ შემთხვევაში საქართველოც უნდა შეუერთდეს სანქციებს. მეორე - "როსნეფტი" არის კომპანია, რომელიც არღვევს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ის აფხაზეთის ტერიტორიაზე, შავი ზღვის აკვატორიაში აწარმოებს ნავთობმოპოვების სამუშაოებს და თუნდაც ამის გამო, საქართველოს ხელისუფლებას უნდა შეექმნა მისთვის პრობლემა", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ქართველი ბიზნესმენის დავით იაკობაშვილის კუთვნილი კომპანია Petrocas Energy Group ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, "როსნეფტის" მიერ "პეტროკასის" აქციების 49-პროცენტიანი პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, "როსნეფტის" მფლობელობაში გადავა ფოთის პორტის ნავთობტერმინალი, ასევე "გალფის" ავტოგასამართი სადგურების ნაწილი, თუმცა აქციათა საკონტროლო პაკეტი კვლავ დავით იაკობაშვილს რჩება. ამ დრომდე უცნობია გარიგების მოცულობა.