ტაილანდში უმუშევარმა ტაქსისტებმა ავტომობილებზე მინიბოსტნები გააშენეს

ტაილანდის ტაქსის კომანია Ratchapruek Taxi-მ მანქანები გააჩერა და ისინი მინიბოსტნებად გადააქცია. Reuters ამის მიზეზად ბანგკოკში ტაქსზე მოთხოვნის შემცირებას ასახელებს, რის გამოც ათასობით მძღოლი უმიშევარი რჩება და ქალაქიდან მიდის.

გასულ წელს, ეკონომიკის დაცემის ფონზე, Ratchapruek Taxi-მ ასობით მანქანა გააჩერა და მას შემდეგ 300 გამოუყენებელი ავტომობილის სახურავზე ბოსტნეული მოყავს. აღსანიშნავია, რომ ტაქსის კოოპერატივი მოყვანილ მოსავალს თავის ყოფილ მძღოლებსა და თანამშრომლებზე ანაწილებს. ამით კოოპერატივის მესვეურები მთვრობას ერთგვარ მესიჯს უგზავნიან, რომ გაჭირვებულების დასახმარებლად უფრო მეტი უნდა გააკეთოს.

„გადავწყვიტეთ, რომ ავტომობილებზე ბოსტნეული მოგვეყვანა, რადგან ტაქსით მუშაობამ აზრი დაკარგა. მანქანებიც კორონაპანდემიის გამო წელიწადზე მეტი ადგილიდან არ დაძრულან, ამიტომ ფუნქცია დაკარგეს და მხოლოდ მეტალად გადაიქცნენ,“ - აცხადებს კომპანიის ბიზნესკონსულტანტი, ტაპაკორნ ასავალერტკული.

ასობით ვარდისფერ და ნარინჯისფერ ტაქსზე ჰყვავის ჩილი, ბადრიჯანი, კიტრი, რეჰანი, რაც ბამბუკის ან ხის ჩარჩოებში მოთავსებულ შავ ცელოფნებზე დაყრილ მიწაში არის ჩათესილი. კომპანიის ადმინისტრატორი, კამოლპორნ ბუნიტიონგი აცხადებს, რომ მართალია, მინიბოსტნებში ხალხი დასაქმებულია, მაგრამ ეს უფრო დროებითი გადაწყვეტილებაა, რაც ადამიანებს სტრესის დაძლევაში დაეხმარა.

„თუმცა ეს არ არის გამოსავალი და ჩვენი პრობლემების მოგვარებაში მთავრობა აუცილებლად უნდა ჩაერიოს,“ - აცხადებს ადმინისტრატორი.

ცნობისათვის, ტაილანდში კორონავირუსით ინფიცირების 1,5 მილიონი შემთხვევა არის დარეგისტრირებული, ხოლო 15 600 გარდაცვლილი ადამიანიდან 99% მხოლოდ აპრილის თვიდან დაიღუპა. ვაქცინირებულია მოსახლეობის 21%.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ