ცენტრალურ ევროპაში წყალბადის მაგისტრალი შეიქმნება

უკრაინის, სლოვაკეთის, ჩეხეთისა და გერმანიის გაზის ინფრასტრუქტურის ოთხი ევროპული კომპანია ცენტრალურ ევროპაში წყალბადის მილსადენის ასაშენებლად ერთიანდება. ამის შესახებ უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემების ოპერატორის განცხადებაში არის ნათქვმაი.

ერთობლივ ინიციატივას „ცენტრალური ევროპის წყალბადის დერეფანი" ეწოდა, რაც მიზნად ისახავს ცენტრალურ ევროპაში წყალბადის მაგისტრალის შექმნას. მილსადენი უკრაინის წყალბადის პერსპექტიული რეგიონებიდან, სლოვაკეთისა და ჩეხეთის გავლით, წყალბადს ევროკავშირის მეტად მოთხოვნად რეგიონებს მიაწვდის. წყალბადის ტრანსპორტირება, ასევე, ჩეხეთსა და სლოვაკეთშიც მოხდება. მაგისტრალი დღეში 120 გვტ/სთ-მდე რაოდენობის სუფთა წყალბადის ტრანსპორტირებას განახორციელებს.

პროექტში მონაწილე კომპანიები არიან: სლოვაკური ოპერატორი EUSTREAM, უკრაინული ОГТСУ, ჩეხეთიდან - NET4GAS და გერმანიის წამყვანი ოპერატორი OGE.

„მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში, დეკარბონიზაციის პროგრამაში ბუნებრივი გაზი ენერგიის ძირითად წყაროდ და მნიშვნელოვან ფაქტორად დარჩება. თუმცა წყალბადი მნიშვნელოვან როლს 2050 წლისთვის შეასრულებს, როცა ევროპის ეკონომიკა, სავარაუდოდ, ნახშირბადნეიტრალიტეტს მიაღწევს," - აცხადებს ОГТСУ-ს გენერალური დირექტორის მოადგილე, პაველ სტანჩაკი.

სლოვაკეთი და ჩეხეთი გამოიყენებენ დიდი გაზსადენის დერეფანს, რომელიც უკრაინას ევროპაში წყალბადის მოთხოვნად ზონებთან დააკავშირებს. სლოვაკეთის, ჩეხეთისა და გერმანიის გაზის სატრანსპორტო სისტემების წყალბადის ტრანსპორტირებისთვის გადაკეთება შესაძლებელია. მოსალოდნელია, რომ გერმანია წყალბადის მოთხოვნილების უმნიშვნელოვანესი ქვეყანა გახდეს ევროპაში და მნიშვნელოვანი მოცულობა დაიტოვოს.

ცენტრალური ევროპის წყალბადის დერეფანი, ნაწილობრივ, არსებული გაზის ინფრასტრუქტურის გადაპროფილირებით შეიქმნება, რასაც ახალ სპეციალურ წყალბადის მილსადენებსა და კომპრესორ სადგურებში მიზნობრივი ინვესტიციები დაემატება. ეს წყალბადის დიდ დისტანციებზე ტრანსპორტირებას ხელმისაწვდომ ფასად უზრუნველყოფს.

პროექტის ორგანიზატორებმა დერეფნის ტექნიკური რეალიზაციის შესაძლებლობების შესწავლა უკვე დაიწყეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ