თურქულმა მხარემ საქართველოში, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოხატა

თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს (USHAŞ) მხარდაჭერით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილეს თოლგა თოლუნაის შეხვდა. შეხვედრაზე, თურქულმა მხარემ საქართველოში, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოხატა. კერძოდ, საუბარი შეეხო ფარმაცევტული პროდუქციის მნიშვნელოვნად დაბალ ფასში მოწოდებას.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა თურქეთში ქალაქ ანკარაში გაიმართა. სამუშაო ვიზიტის მიზანი, 2020 წლის 8 დეკემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს (USHAŞ) შორის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული მემორანდუმია.

„მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში ორმხრივად შეთანხმებული პროექტების განხორციელებასა და ონკოლოგიური პაციენტებისთვის თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მიღებაზე ისაუბრეს. განიხილეს სამედიცინო ტურიზმისა და განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები, ასევე სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროებში სიახლეების თაობაზე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

საქართველოსა და თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროებს შორის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც რეფორმების კუთხით გამოცდილების გაზიარებას უზრუნველყოფს.

მიღწეულია შეთანხმება იმის თაობაზეც, რომ ორი ქვეყნის ჯანდაცვის სექტორს შორის სამედიცინო შემთხვევებთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღება.

როგორც საქართველოში, ისე თურქეთში, მოხდება სამედიცინო ტრეინინგების ჩატარება, რაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შორის გამოცდილების გაზიარებას კიდევ უფრო გაზრდის.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ხარძიანი და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე ესწრებოდნენ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური თურქეთის ფარმაცევტული პროდუქტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის წარმოების ასოციაციის თავმჯდომარე თოლგა ქარაქანს და თურქეთის „საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ) გენერალურ დირექტორს მეჰმეთ ალი ქილიჩქაიას შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებმა სამედიცინო ტურიზმისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს. ქ. სტამბულში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა სტამბოლის ბაშაქშეჰირის საავადმყოფოც მოინახულა.

მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის, ჯანდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა წარმატებულად შეაფასეს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.