საბერძნეთის და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებზეც ისაუბრე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოსა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის სასაუბრო თემა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებს, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და გაძლიერებას ეხებოდა.

"რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, ასევე საქართველოს როლს რეგიონში და იმ ფუნქციას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა პრემიერ-მინისტრის ბოლო ინიციატივებით ასრულებს. ასევე საუბარი იყო მომავალ პერსპექტივებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად ეფექტიანად იყოს გამოყენებული ის შესაძლებლობები, რომელიც არსებობს საბერძნეთის მხრიდან, კერძოდ, მხედველობაში მაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და გაძლიერება. პოტენციალი და ინტერესი მართლაც ძალიან დიდია. შეხვედრისას ხაზი გაესვა იმ მჭიდრო ისტორიულ კავშირებს, რომელიც ტრადიციულად არსებობდა და არსებობს საქართველოსა და საბერძნეთს შორის. იყო ძალიან თბილი, მეგობრული და უშუალო შეხვედრა. ჩვენ უახლოეს პერიოდში ველით მაღალი დონის ვიზიტებს როგორც საბერძნეთიდან საქართველოში, ისე საქართველოდან საბერძნეთში. კიდევ ერთხელ ერთხმად აღინიშნა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ერთმანეთის მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო ფორმატში და საბერძნეთი კვლავინდებურად იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების ძალიან სერიოზული მხარდამჭერი“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.