ვინ აღადგენს სოხუმის აეროპორს - დე ფაქტო მთავრობაში ამბობენ, რომ პოტენციური ინვესტორი უკვე ჰყავთ

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ იპოვა პოტენციური ინვესტორი, რომელიც მზად არის, სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციაში ინვესტიცია განახორციელოს. ამის შესახებ „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გაზაფხულზე პროექტისთვის 120 მლნ რუბლი (1,648,874 დოლარი) გამოიყო, მაგრამ მას შემდეგ ფასები მკვეთრად შეიცვალა.

„მარტიდან დღემდე ზოგიერთი სამშენებლო მასალის, მაგალითად, არმატურისა და ხე-ტყის ღირებულება ორჯერ ან მეტჯერ გაიზარდა,“ - აცხადებს ბჟანია, ვისთვისაც მოულოდნელი იყო, რომ დოკუმენტაციის დამტკიცებას ასე დიდი დრო დასჭიედებოდა.

„საპროექტო და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია მზად უნდა იყოს 2022 წლის შემოდგომაზე. მიუხედავად ამისა, სამუშაოები 2024 წლის იანვრამდე უნდა დასრულდეს,“ - აცხადებს ბჟანია. მისი თქმით, განახლებულ აეროპორტში ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ბჟანია დე ფაქტო მთავრობას დათხოვით დაემუქრა, თუკი 2024 წლის იანვრამდე სოხუმის აეროპორტი არ აღდგება.

პოტენციურ ინვესტორზე დეტალები არ კონკრეტდება, თუმცა ერთ-ერთ აფხაზ ეკონომისტ ახრა არისტავს რადიო „თავიუსფლების“ რუსულ ბიუროსთან საუბრის დროს წამოცდა, რომ ეს შესაძლოა, რუსეთის სახელმწიფო ინვესტიცია იყოს.

„რამდენადაც მე მესმის, ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის სახელმწიფო ინვესტიციებზე და თუ რა ფორმით და ვინ როგორ მონაწილეობს, ამაზე ჯერ ცოტა დეტალია ცნობილი. ინვესტიციების მოცულობა არ გამოცხადებულა. მათ მხოლოდ განაცხადეს, რომ ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრო ამ საკითხზე მუშაობს და რუსეთის მთავრობაც მხარს უჭერს,“ - აცხადებს არისტავი.

აპრილში მოსკოვში ჩასული ასლან ბჟანია რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელ ალექსანდრე ნერადკოს შეხვდა და აფხაზეთში ფრენების განახლების საკითხი განიხილა. ნერადკომ მაშინ განაცხადა, რომ ეროპორტის აღდგენის საკითხი პრაქტიკულ ფაზაზე გადადის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ