რესტორნებს შესაძლოა, მუშაობის საათები გაუხანგრძლივდეთ - ვის შეეხება ცვლილება

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი პლატფორმა გააცნო და მათგან კოვიდსაშვის დანერგვის პროცესთან დაკავშირებული რეკომენდაციები მოისმინა.

უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები ეტაპობრივად ხდება, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს Covid-საშვის ბენეფიტების და მუშაობის სპეციფიკის შესახებ მიეწოდებათ ინფორმაცია.

„დღევანდელი შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა. სექტორის მხრიდან არის სურვილი, რომ ეს აპლიკაცია იყოს დანერგილი, განისაზღვროს მწვანე ზონები, რომელიც ერთი მხრივ მათ მისცემთ შესაძლებლობას, ნებისმიერი ეპიდემიოლოგიური გართულების დროს ეკონომიკური აქტივობა შეინარჩუნონ, მეორე მხრივ კი, უზრუნველყოფენ მომხმარებელთა უსაფრთხოებას“, - აღნიშნა ბექა ფერაძემ.

შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა არ გამორიცხა, რომ აღნიშნული აპლიკაციის დანერგვამ შესაძლოა ბიზნესს და კონკრეტულად რესტორნებს სამუშაო საათების გახანგრძლივების შესაძლებლობაც მისცეს.

„დღეს თუ არსებობს დათქმა, რომ საღამოს 10 საათის შემდეგ რესტორანი ვერ მუშაობს, ასევე სასტუმროების რესტორნებიც, ამ აპლიკაციის დანერგვის შემთხვევაში მათ შესაძლოა მიეცეთ საშუალება და ეს არის მათი მოთხოვნა, რომ თუ ამის დანერგვა მოხდება, შეძლონ მუდმივად ოპერირება, რაც მათთვის ეკონომიკურად საინტერესოა. ჩვენ ბიზნესთან შეგროვებულ ინფორმაციას წარვუდგენთ საკოორდინაციო საბჭოს და შემდეგ გადაწყვეტილებებზე უკვე საბჭო იმსჯელებს“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

შრომის ინსპექციის სამსახურის ცნობით, შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელიც ესწრებოდა. მედეა ჯანიაშვილმა ინიციატივა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ პლატფორმა ტურიზმის სექტორის მიერ გაწეულ მომსახურებას ბევრად უსაფრთხოს გახდის და საბოლოოდ ბიზნესი შეძლებს პანდემიის მიუხედავად შეუფერხებლად იმუშაოს.

უწყების ინფორმაციით, აპლიკაცია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნა. ვებგვერდის Covidpass.moh.gov.ge-ს საშუალებით ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მათ ტერიტორიაზე დაშვების მსურველი ვიზიტორების კოვიდ სტატუსის შემოწმების შესაძლებლობა ექნებათ. სიახლით ბიზნესი შეძლებს საკუთარი მომხმარებლებისთვის ე.წ. მწვანე ზონების ანუ უსაფრთხო გარემო შექმნას. ბიზნესოპერატორების მხრიდან Covid-საშვის აპლიკაციის გამოყენება სარეკომენდაციო ხასიათისაა.