აგვისტოში სტაფილოს იმპორტი, ბოლო 5 წლის ამავე თვესთან შედარებით, ყველაზე მაღალი იყო. საქართველოში 506 ტონა სტაფილო შემოიტანეს, რაც 2014-2020 წლების პერიოდის აგვისტოს საშუალო მაჩვენებელს 2,3-ჯერ აღემატება.
EastFruit-ის ინფორმაციით, საქართველოში სტაფილოს უმსხვილეს იმპორტიორად თურქეთი რჩება, რომლის წილიც 90%-ზე მეტია. იმპორტის მაჩვენებელი მაღალია მიმიდინარე თვეშიც.
„უჩვეულოდ მაღალი იმპორტი ადგილობრივი მარაგის ნაკლებობით გამოწვეული გაზრდილი ფასების შედეგია,“ - წერს EastFruit, რომლის მონაცემებით, ამჟამად ქართულ ბაზარზე თურქული სტაფილო დომინირებს, რომლის ფასიც მნიშვნელოვნად დაბალია.
„თურქული სტაფილო, როგორც წესი, ქართულზე იაფია და ყოველწლიურად კიდევ უფრო იაფდება,“ - წერს პორტალი.
საქართველოში გაზრდილმა იმპორტმა განაპირობა ის, რომ აგვისტოში სტაფილოს საშუალო საბითუმო ფასმა ტონაზე 480 დოლარიდან კლება დაიწყო და გასულ კვირას 320 დოლარამდე დაეცა. EastFruit-ს ვაჭრობის მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც იმპორტირებული სტაფილოს CIF ფასი აგვისტოში ტონაზე 190 დოლარს შეადგენდა. პორტალი ვარაუდობს, რომ ქართულ ბაზარზე სტაფილო შესაძლოა, კიდევ გაიაფდეს.
„ყოველწლიურად საქართველო თურქეთიდან სტაფილოს იმპორტზე სულ უფრო დამოკიდებული ხდება. 2014 წლიდან 2020 წლამდე ადგილობრივი წლიური წარმოება, საშუალოდ, 450 ტონით შემცირდა. ამავე პერიოდში იმპორტირებული სტაფილოს CIF ფასი ტონაზე ყოველწლიურად 19 დოლარით მცირდება, იმპორტის მოცულობა კი იზრდება,“ - წერს EastFruit, რომლის მონაცმებითაც, სტაფილოს მოხმარების მთლიან მოცულობაში ქართული წარმოების წილი 2014 წლის 45%-დან 2020 წელს 18%-მდე შემცირდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ