ილონ მასკი - მიკროჩიპების ახალი საწარმოების გამოჩენა დეფიციტს 2022 წელს აღმოფხვრის

კომპანიების Tesla-სა და SpaceX-ის ხელმძღვანელი ილონ მასკი თვლის, რომ ნახევარგამტარების მწარმოებელი ახალი ქარხნები უკვე 2022 წელს შეძლებენ მიკროსქემებზე არსებული დეფიციტის აღმოფხვრას, რომელმაც წელს უდიდესი დარტყმა მიაყენა საავტომობილო ინდუსტრიას. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

„ვფიქრობ მოკლევადიან პერსპექტივაში ეს კრიზისი დაიძლევა. შენდება ბევრი ახალი საწარმო, სადაც მოხდება მიკროსქემების წარმოება. ვფიქრობ, მომავალი წლისთვის გვექნება კარგი შესაძლებლობა ჩიპების მიწოდების კუთხით,“ - განაცხადა ბიზნესმენმა.

როგორც ცნობილია, მიკროსქემების დეფიციტმა მსოფლიოს წამყვან კომპანიებს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა. ცალკეული მათგანი იძულებული გახდა წარმოება გარკვეული ვადით შეეჩერებინა, ხოლო ზოგიერთებს წარმოების მასშტაბების შემცირება აიძულა.

კოკა კვირკველია