ფინანსურმა მრჩეველმა ბანკის 350 ათასამდე კლიენტის პერსონალური მონაცემები მოიპარა

ამერიკული ბანკის Morgan Stanley-ს ფინანსურმა მრჩეველმა ბანკის 350 ათასამდე კლიენტის პერსონალური მონაცემები მოიპარა და ინტერნეტში განათავსა.

”უოლ სთრით ჯორნალის” ინფორმაციით, ბანკის თანამშრომელმა გალენ მარშმა ჯერ კიდევ გასული წლის 27 დეკემბერს ინტერნეტში განათავსა 900 კლიენტის სახელი, მათი ანგარიშის ნომრები.

Morgan Stanley-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გალენ მარში უკვე გათავისუფლებულია სამსახურიდან. ბანკში ასევე აღნიშნეს, რომ ინტერნეტში გავრცელებული ბანკის კლიენტების ანგარიშიდან თანხის ძარცვა არ მომხდარა. ”ინტერნეტის მეშვეობით გალენ მარშმა ბანკის კლიენტების მხოლოდ სახელები და მათი ანგარიშის ნომრები გაავრცელა, თუმცა არ გაუსაჯაროებია კლიენტთა პაროლები, სოციალური დაზღვევის ნომრები და საკრედიტო ბარათების მონაცემები”, - ნათქვამია Morgan Stanley-ის განცხადებაში.

ბანკში ასევე აღნიშნავენ, რომ სავარაუდოდ ფინანსურ ანალიტიკოსს კლიენტების სრული ინფორმაციის გაყიდვა უნდოდა, რა მიზნითაც თავდაპირველად სწორედ ინფორმაციის ერთი ნაწილი გაავრცელა, რათა პოტენციური მყიდველები დაეინტერესებინა. გალენ მარშის მიერ კლიენტთა პირადი მონაცემების მოპარვა ნეგატიურად აისახა Morgan Stanley-ის აქციებზე - ორშაბათს ბანკის აქციები 1,32 დოლარით (3,4%) დაეცა და ერთ აქციაზე 37,39 დოლარი შეადგინა.