ამერიკული ბიზნეს სერვისების კომპანია Concentrix-ი საქართველოში თანამშრომლებს ეძებს.
კომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის Concentrix-ს ვაკანსიები 7 მიმართულებით აქვს გამოცხადებული. კერძოდ, კომპანია ეძებს თანამშრომლებს: კლიენტების მომსახურების მიმართულებით იტალიელებთან, ფრანგებთან, ესპანელებთან და თურქებთან. ამასთან, ვაკანსია გამოცხადებულია ინგლისურენოვანი ტრენერის პოზიციაზე, მოგზაურობის მხარდამჭერ აგენტებზე რუსეთისა და გერმანიის მიმართულებით.
„ჩვენ მოხარული ვართ გაგიზიაროთ, რომ საქართველო არის Concentrix-ის რუკაზე უახლესი მდებარეობა! შემოუერთდით ჩვენს გუნდს და დაიწყეთ თქვენი კარიერა ჩვენთან ერთად!“ - წერია Concentrix-ის ვებ-გვერდზე.
ცნობისათვის, უმსხვილესი ამერიკული ბიზნეს სერვისების კომპანია Concentrix საქართველოში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ინვესტიციების მიმართულების მხარდაჭერით, შემოვიდა.
Concentrix-ი მომსახურებას მსოფლიოს უმსხვილეს ბრენდებს აწვდის; ტურიზმის, ტელეკომუნიკაციების, ელ. ვაჭრობის, საბანკო და სხვა სექტორებში. იგი საკუთარი მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესია და მსოფლიოს მასშტაბით 250,000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
Concentrix-ისა და სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში მრავალ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის. კომპანია საქართველოდან მსოფლიოს წამყვან ბრენდებს დისტანციურად მიაწვდის სერვისებს.
Concentrix-ის ოფიციალურ განცხადებაში, აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი სერიოზული მიღწევაა კომპანიისათვის: „საქართველოს Concentrix-ის ოჯახში გაწევრიანება კომპანიის გაფართოვების სტრატეგიის მნიშნველოვანი ნაწილია, რომელიც კომპანიას საკუთარი გლობალური დაფარვის ზონის გაზრდაში დაეხმარება.“